ჩვენ გვაქვს COVID-19-ის 300 შემთხვევა, ისრაელს 4-5 ათასი, უკეთესად ვმუშაობთ – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიც ცერცვაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის, რადგან ჩვენთან ყოველდღიურად კორონავირუსის 300 შემთხვევა ფიქსირდება, ისრაელში კი 4–5 ათასი.

“ისრაელში, რომელმაც პროცენტულად ყველაზე მეტი რაოდენობა აცრა მოსახლეობის, მე რომ ვიცი, ნახევარი აცრილი იყო და ახლა ამბობენ, რომ 2/3 აცრილია, თან Pfizer-ის ვაქცინით, სავარაუდოდ, ყველაზე უკეთესი ვაქცინით. შებრძანდით ინტერნეტში და ნახეთ, ყველაზე სარწმუნო მონაცემები, ისრაელში ბოლო ერთი კვირაა ახალი შემთხვევების რაოდენობა არ ჩამოდის 4 ათასზე ქვემოთ, გუშინ იყო, მაგალითად, 5000 შემთხვევა.

ისრაელი ჩვენზე ორჯერ დიდია სულ. ჩვენ 4 მილიონი ვართ, ის — 9. ჩვენ გვაქვს 300 შემთხვევა, ხან 100, ხან 200, 400-ზე მეტი არა და ისრაელს აქვს 4-5 ათასი ახალი შემთხვევა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა, ცერცვაძე ვაქცინას ეჭვის ქვეშ აყენებსო? არა! ვაქცინა არ არის და არ უნდა იყოს განხილული ერთადერთ საშუალებად და სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ზომები უნდა გაგრძელდეს, სანამ არ იქნება ვაქცინის პარალელურად  გამოგონებული ეფექტური ანტივირუსული მედიკამენტი. აი, მაშინ დამარცხდება პანდემია.

ვიტყვი ამას და შემომედავოს ვინც უნდა. ესე იგი, ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკეთესად მუშაობას, ალბათ, ვიდრე ისრაელი, იმიტომ, რომ მათ ვაქცინა აქვთ და ჩვენზე ათჯერ მეტი ახალი შემთხვევები აქვთ”, – აცხადებს ცერცვაძე.