ჩვენ ვადგენთ, შაქარაშვილის მკვლელის ხელის დამფარებელს, გამოძებას არ ვენდობით – ნიკა გვარამია

ჩვენ ვადგენთ, პირველ რიგში, შაქარაშვილის მკვლელის ხელის დამფარებელს და ვინც არ უნდა ენდობოდეს გამოძიებას, ეს მისი პრობლემაა. ჩვენ გამოძებას არ ვენდობით, – ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი წერს.

“ნურავინ შეიწუხებთ თავს ჩემი და მთავარი არხის დამუნათებით და მორალური უპირატესობის გამოყენებით ჩვენი პრესინგით. ჩვენ არავის აზრი არ გვაინტერესებს, სრულიად – არავის. არავისზე არ ვმუშაობთ და არავის პერსონალურად არ ვემსახურებით. ჩვენთვის სულ ერთია, ვინ ვის ენდობა, ვის ვისი სურათი უკიდია ოთახში და ვინ ვის ირჩევს საკუთარი პოზიციის გამხმოვანებლად. ჩვენ არავისთვის არ გვითხოვია დახმარება და არავის თანადგომას არ ვსაჭიროებთ ჩვენი ჟურნალისტური გამოძების ფარგლებში.

ჩვენ ვეძებთ სიმართლეს და მას აუცილებლად დავადგენთ. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი შვილებისთვის და არა გიორგი შაქარაშვილისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ვეღარაფერს ვუშველით. ჩვენ ვადგენთ პირველ რიგში შაქარაშვილის მკვლელის ხელის დამფარებელს და ვინც არ უნდა ენდობოდეს გამოძიებას, ეს მისი პრობლემაა. ჩვენ გამოძებას არ ვენდობით.

ჩვენ არ ვსპეკულირებთ შაქარაშვილის სახელით და ყველას მოვუწოდებთ, ასევე მოიქცეს, გინდა პროცესის უბრალო დამკვირვებელი იყოს და გინდა ჭირისუფალი. არავის ვუშლით ხელს არც გულშემატკივრობაში და არც გლოვაში. თუ არა და, პულტი ხელში და სხვა არხის ღილაკზე ერთი თითის დაჭერა. სიმართლე – სინათლეა. მალე განათდება. ძალიან მალე. ტყუილად ნუ იღლით თავს უთავბოლო “წერა-კითხვებით”.გვიყურეთ კვირას, მთავარ აქცენტებში” – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით, დაბადების დღეზე და მის შემდეგ მომხდარი კონფლიქტის შემდეგ გაუჩინარდა. მისი ცხედარი არაგვში ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. საქმესთან დაკავშირებით, ამ დრომდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა – შაქარაშვილის გაუჩინარების მომენტიდან დღემდე, “მთავარი არხი” და ნიკა გვარამია საკითხს აქტიურად აშუქებს – აჩვენებს პროკურატურის მიერ გადამალულ კადრებსაც. ამის გამო “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სასამართლოშიც გამოიკითხა.