ჩვენ მზად ვართ, რომ მოვისმინოთ კონსტრუქციული და გონივრული პოზიცია – ელისაშვილი ხელისუფლებას

ჩვენ მზად ვართ, რომ მოვისმინოთ კონსტრუქციული და გონივრული პოზიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან , – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„გულახდილად რომ გითხრათ, შეუძლებელია აღფრთოვანების გარეშე ილაპარაკო იმ ძალისხმევაზე, რასაც ელჩები ეწევიან. უბრალოდ, აღაფრთოვანებს ადამიანს, როგორი მონდომებულები არიან ელჩები, რომ ვითარება განიმუხტოს. როგორ ცდილობენ, რომ ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ პოზიციები დაახლოვდეს და საერთო შეხების წერტილები მოიძებნოს. ჩვენი პოზიცია ვუთხარით, თუ როგორ ვხედავთ ამ კრიზისიდან პოლიტიკურ გამოსავალს. რა თქმა უნდა, რისკებზეც ვისაუბრეთ. ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“. ჩვენ მზად ვართ, რომ მოვისმინოთ კონსტრუქციული და გონივრული პოზიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ვიტყვი, რომ თუ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება, ეს იქნება არა რომელიმე მხარის გამარჯვება ან დამარცხება, არამედ გაიმარჯვებს საქართველო, ვინაიდან საშინელი, ძალიან მშიერი ზამთარი გველის. ამდენად, ყველას კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული ჩვენი პასუხისმგებლობა“,-განაცხადა ელისაშვილმა.

„ ჩვენი არჩევნები რომ დარღვევების და გაყალბების გარეშე არ ტარდება, ეს გვაწუხებს სწორედ, იმიტომაც ვართ ამ საღამოს აქ მოსულები. მადლობა გერმანიის და ყველა ელჩს. ჩვენც სწორედ იმისთვის ვიბრძვით, რომ საარჩევნო წესები, საარჩევნო ადმინისტრაცია იყოს ისეთი, რომ არჩევნების მეორე დღეს არ იყოს ტრადიციული მღელვარება, უკმაყოფილება და პროტესტი, რაც არჩევნებს ახლავს. ამისთვის არის ეს მოლაპარაკებები. ამ სიცივეში გარეთ ჩხუბი არავის ეხალისება. ჩვენ ველით სწორედ „ქართული ოცნების“ მხრიდან გონივრულ კომპრომისს“,-განაცხადა ელისაშვილმა.