ჩინელი მეცნიერები ამბობენ, რომ უცხოპლანეტელებისგან სიგნალი მიიღეს

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ საეჭვო სიგნალი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა არამიწიერმა ცივილიზაციამ გამოგზავნა, თუმცა მათი თქმით, ფრთხილად უნდა მოეკიდონ მიღებული შედეგების შესწავლას. ჩინელი მეცნიერები არამიწიერ ცივილიზაციებს იკვლევენ მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპის, FAST–ის საშუალებით, რომლის დიამეტრი 500 მეტრია. მათ უჩვეულო სიგნალები მაშინ აღმოაჩინეს, როცა ტელესკოპის 2019 წლის მონაცემებს იკვლევდნენ.

გიგანტური ტელესკოპი ჩინეთის სამხრეთ–დასავლეთით არის განთავსებული და შორეული გალაქტიკების და კოსმოსის კვლევისთვის გამოიყენება. მისი ერთ–ერთი ამოცანა პოტენციური არამიწიერი გონების სიგნალების ძებნაა. ის გამოირჩევა  განსაკუთრებული მგრძნობელობით და კოსმოსის დიდი მონაკვეთის მოცვის შესაძლებლობით.

“იმის ალბათობა, რომ არამიწიერი ცივილიზაციებიდან ნამდვლი სიგნალის აღმოჩენა მოვახერხეთ, ძალიან მაღალია. თუმცა, ეს რადიოსიგნალი შეიძლება ჩვეულებრივი რადიოხელშეშლა ან რამე სხვა იყოს. გვჭირდება დამატებითი კვლევები, რათა დავამტკიცოთ, რომ ეს სიგნალი უცხოპლანეტელებისგან მოდიოდა, ან ასეთი შესაძლებლობა გამოვრიცხოთ“– ამბობს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარი, ჩჟან ტუნცზე.

გიგანტური ჩინური ტელესკოპი FAST

თუმცა, ზოგიერთი დასავლელი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ადრეა იმის მტკიცება, თითქოს სიგნალი უცხოპლანეტელებისგან მოდიოდა. სანამ ამ უჩვეულო სიგნალების კვლევა არ ჩატარდება და არ დაიდება სამეცნიერო საზოგადოების ექსპერტული შეფასება, ამ განცხადებას სკეპტიციზმით უნდა მოვეკიდოთ. შესაძლოა, ამ სიგნალებს უფრო მარტივი ახსნა ქონდეს. მაგალითად, SpaceNews–ის ჟურნალისტი თვლის, რომ ეს განცხადება სააინტერესოა, თუმცა ჯერჯერობით აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს.

“ჩვენ ჩავატარებთ ამ სიგნალების ანალიზს და ტელესკოპ FAST–ის  დახმარებით კვლავ მვოძებნით საეჭვო სიგნალებს, რათა გავარკვიოთ, საიდან მოდის ეს სიგნალები, რაც მოგვცემს საშუალებას ზუსტად ვთქვათ, აქვთ თუ არა მათ პოტენციურად კავშირი უცხოპლანეტელებთან.“– ამბობს ჩინელი მეცნიერი.

მართალია ჩინელი მეცნიერები ამბობენ, რომ მიღებული შედეგების შესწავლას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, თუმცა დიდი იმედი აქვთ, რომ მათი აღმოჩენა დადასტურდება და ის მსოფლიოს შეცვლის. ისინი არ მალავენ, რომ ძალიან უნდათ მათი გიგანტური ტელესკოპი უცხოპლანეტელების პირველაღმომჩენი გახდეს.