ჩიხლაძე სანქციების გამკაცრებაზე: ადასტურებს, რომ ოცნებას არ აინტერესებს ევროინტეგრაცია

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი სერგი ჩიხლაძე ამბობს, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში სანქციების გამკაცრება ადასტურებს, რომ ქართული ოცნებას არ აინტერესებთ საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია.

“ისინი ადგანან გზას რუსეთისკენ, ბელორუსისკენ და თურქმენეთისკენ. ეს დემოკრატიის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია. ამას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ეს არ არის დემოკრატიული ნაბიჯი. ისინი წუხილს გამოხატავენ, პირდაპირ წერენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს არ არის გზა ევროპისკენ, ეს არ არის გზა დასავლეთისკენ. ეს არის გზა ლუკაშენკოსკენ, პუტინისკენ და ბერდი მუხამედოვისკენ. ასეთ გზას ადგას „ქართული ოცნება“,- აცხადებს ჩიხლაძე.

მისივე აზრით, ცვლილებები პროტესტს ვერ შეაჩერებს.

“ეს ვერ შეაჩერებს ვერც პროტესტს, ვერც სამოქალაქო აქტივისტებს, ვერც მიტინგებს. ეს მათი მცდარი იდეოლოგიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. თუნდაც, შარლ მიშელის ხელშეკრულების სულისკვეთებას“,-აღნიშნავს ჩიხლაძე.