ჩრდილოეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნები კიევს მხარდაჭერას და მოსკოვზე ზეწოლას პირდებიან

ბალტიისპირეთის ქვეყნები, ისევე როგორც ჩრდილოეთ ევროპა – ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვედეთი – დაპირდნენ უკრაინას, რომ გააგრძელებენ მის ეკონომიკურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას.

ამის შესახებ ნათქვამია იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომლებიც ორშაბათს  კიევს ეწვივნენ და უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის შეხვდნენ.

მინისტრებმა გაიმეორეს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა კიევს პოლიტიკური და მატერიალური მხარდაჭერა გაუწიეს, რათა უკრაინას დაეცვა თავისი დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა.

მინისტრებმა დაგმეს ქვეყნები, რომლებიც აგრძელებენ დახმარებას რუსეთისთვის და განაცხადეს, რომ მათ უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა მოსკოვთან ერთად ომის დანაშაულებებზე, ასევე მოუწოდეს რუსეთს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სხვადასხვა საბაბით დაკავებული ან უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები.

მათ ასევე აღნიშნეს რუსეთის წინააღმდეგ ძველი სანქციების გამკაცრებისა და ახალი სანქციების დაწესების აუცილებლობა, ისევე როგორც სხვა ქვეყნების, ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ მოსკოვს.