ცდილობენ, იპოვონ პოზიციების დაახლოების წერტილები – ჯაფარიძე ელჩებს შეხვდა

გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ამერიკის ელჩთან, კელი დეგნანთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ფასილიტატორები ცდილობენ იპოვონ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაახლოების წერტილები.

მისივე თქმით, ეს მე-3 რაუნდისთვის მოსამზადებელი წინასწარი შეხვედრა იყო.

“არაფერი კონკრეტული გზავნილები არ ყოფილა, იყო შეხვედრა. ჩავთვალოთ, რომ იყო მე-3 რაუნდისთვის მოსამზადებელი წინასწარი შეხვედრა, სადაც ფასილიტატორები ცდილობენ იპოვონ დაახლოების წერტილები ოპოზიციის პოზიციასა და ხელისუფლების პოზიციებს შორის. ოპოზიციის პოზიცია არ შეცვლილა. ვართ ბოიკოტის რეჟიმში და მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები. მათი მცდელობაა, რომ III რაუნდის შემდეგ რაიმე კონკრეტული შედეგი დაიდოს. ამიტომ, ცდილობენ, პოზიციების დაახლოებას”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

დღეს ოპოზიციური ლიდერები ფასილიტატორ ელჩებს ინდივიდუალურად ხვდებიან.