ცესკოს შეკრებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის სანოტარო კანტორად იქცა – უდუმაშვილი

ცესკო ივანიშვილის სანოტარო კანტორად იქცა, რომელიც პირდაპირ ამტკიცებს იმ ციფრებს, რაც ივანიშვილს სურს,-ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ცესკოში დაგეგმილი სხდომა, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს მიიღებენ.

„ბუნებრივია, არ ვაღიარებთ იმ შედეგებს, რომელიც დღეს გასაჯაროვდება. ჩვენ ასევე არ ვაღიარებთ არჩევნების პირველი ტურის შედეგებს. დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეკრებას საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პრაქტიკულად, ცესკო ივანიშვილის სანოტარო კანტორად იქცა, რომელიც პირდაპირ ამტკიცებს იმ ციფრებს, რაც ივანიშვილს სურს. პირველი ტურის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ პრაქტიკულად, ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის არც ერთი საჩივარი არ განხილულა არა მხოლოდ ცესკო-ს მიერ, არც საოლქო კომისიების დონეზე. ასე, რომ გასაგებია, საითაც მიჰყავს ყველაფერი ცესკო-ს. მას სურს, საბოლოოდ დაამტკიცოს ის ფიცრები, რაც ივანიშვილს სურს. ცესკომ, როგორც ინსტიტუტმა, აზრი დაკარგა“,-განაცხადა უდუმაშვილმა.