ცესკო-ს თავმჯდომარეს გაყალბების არანაირი რესურსი არ აქვს – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას არჩევნების გაყალბების რესურსი არ აქვს.

მანვე აღნიშნა, რომ ვინც დაუშვა გადაცდომა, დისციპლინური დევნა შეიძლება დაიწყოს, თუმცა ასეთი შემთხვევა არ მომხდარა.

„ცესკო-ს თავმჯდომარეს, თუ არ არის თარხნიშვილი ან სხვა, ვინც დღეს ოპოზიციაში ლიდერად გვევლინება, არანაირი რესურსი არ აქვს გაყალბების, სურვილი რომც ჰქონდეს. მას მოსდის ტექნიკურად, ცესკო-ში ამ ოქმების შეჯამება ხდება.

თუ გადათვლები საჭიროა, რასაკვირველია, დისციპლინარული დევნა შეიძლება, დაიწყოს კონკრეტულ ადამიანებზე, ვინც დაუშვა ისეთი გადაცდომა, რომელმაც გავლენა იქონია კონკრეტულ უბანზე ან მით უმეტეს მთლიანად საქართველოში არჩევნების შედეგებზე, მაგრამ ასეთი არ არის და ამას ადასტურებს სადამკვირვებლო მისიები, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები. პასუხი არგუმენტირებული, რაც გავიგეთ ოპოზიციის ლიდერ ბატონ შალვა ნათელაშვილისგან, ის არის, რომ ტრამპი უნდა წავიდეს, ახალი ადმინისტრაცია მოვიდეს და აშშ-ის დამოკიდებულებაც შეიცვლება ვთქვათ, მისი განცხადებების მიმართ“, -განაცხადა ვოლსკიმ.