ცილისმწამებლური პიარკამპანია – შოთაძე მისი ქონების შესახებ მომზადებულ რეპორტაჟზე

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ეხმიანება მთავარი არხის ეთერში გასულ რეპორტაჟს მის ქონებასთან დაკავშირებით.

შოთაძის თქმით, ინფორმაცია ცალმხრივად გაშუქდა მისი დისკრედიტაციის მიზნით.

“საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მსურს გამოვეხმაურო ზოგიერთ მასმედიის საშუალებებში გასულ განზრახ დამახინჯებულ ინფორმაციას ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არცერთ ამ მედიასაშუალებას დამახინჯებული ფაქტის ანონსში გასვლამდე არ ჰქონია მცდელობა დამკავშირებოდა მე ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და სიუჟეტში გასული ინფორმაციის რეალობა გადაემოწმებინა.

მხოლოდ გადაცემის ეთერში გასვლამდე ცოტა ხნით ადრე დაუკავშირდნენ პროკურატურის პრესსამსახურს, რაც ცალსახად უსვამს ხაზს მათ არაობიექტურობას, ინფორმაციის ცალმხრივად და სუბიექტურად გაშუქების მოტივაციას, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე”,– აცხადებს შოთაძე.

მისივე მტკიცებით, სიუჟეტში არ არის ნაჩვენები მისი ბინის სურათები, არამედ ასახულია სხვა მისამართზე მდებარე ბინა.

“სიუჟეტში გავიდა, რომ თითქოს ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ჩემი საცხოვრებელი ბინის რემონტში დახარჯული მაქვს მილიონი ლარი, ამ შემთხვევაში სიუჟეტში გასული ინფორმაციის ციტირებას მოვახდენ – “ 100 ათასი ლარზე მეტი მხოლოდ სამზარეულოში, შპალერი სპეციალური შეკვეთით ევროპიდან, ექსკლუზიური სარემონტო მასალები გენერალური პროკურორის რეზიდენციისთვის, საიდან მოიტანა მილიონი ლარი ევრორემონტისთვის”.

ამავე სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაციის დასადასტურებლად აჩვენეს ჩემთვის უცნობი საცხოვრებელი სახლის და არა ჩემი ბინის ინტერიერის სურათები (აქვე მივუთითებ ბმულს იმ ვებგვერდისა, საიდანაც აღებულია ეს სურათები http://interierisdizaini.ge/…/%E1%83%91%E1%83%98%E1%83…). როდესაც გაჟღერებული ინფორმაციის გადამოწმება საკმაოდ მარტივია, სიუჟეტის ავტორს, არც კი უცდია რაიმეს გადამოწმება და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ამტკიცებს, რომ ინტერნეტსივრცეში არსებული ბინის ინტერიერის სურათები არის ჩემი ბინის სურათები.

საცხოვრებელი ბინა ცაგარელის ქუჩაზე, სადაც მე დღესაც ვცხოვრობ, შევიძინე 2016 წელს, იმავე წელს დავიწყე რემონტი და დავამთავრე 2017 წელს, რემონტის დროს არანაირი ექსკლუზიური მასალა ევროპიდან არ ჩამომიტანია, ყველაფერი შეძენილი მაქვს ადგილობრივ ბაზარზე და რემონტის ღირებულება მითითებული მაქვს დეკლარაციაში”,– აცხადებს შოთაძე.

მთავარი პროკურორის თქმით, სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ დაუკავშირდა ბინის რეალური მესაკუთრე და აღმოჩნდა, რომ არსებული ბინა მდებარეობს ცაგარელის ქუჩის სხვა მისამართზე, ამიტომ, მოუწოდებს სიუჟეტის ავტორებს, წარადგინონ ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ან უარყონ ყალბი ინფორმაცია.

მისივე განმარტებით, სოფელ წავკისში მიწის ნაკვეთის 35% 123 ათას დოლარად იყიდა, ჟურნალისტები კი ამტკიცებენ, რომ მიწის ნაკვეთი მთლიანად მისია.

“ვიმედოვნებ ამ სიუჟეტების შემქმნელები ამ ეტაპზე მაინც იხელმძღვანელებენ მინიმალური ჟურნალისტური სტანდარტებით და ეთიკური ნომრებით, წარმოადგენენ საჯაროდ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, თუ არა და უარყოფენ მათ მიერ გავრცელებულ, ყალბ ინფორმაციას”,– აღნიშნავს შოთაძე.