“ცოტა მძიმე თემაა…ჩვენივე იმუნური სისტემის მსვერპლი ვხდებით, საქართველოში უკვე დაფიქსირდა“ – გიორგი ღოღობერიძე მშობლებს აფრთხილებს

ს. ეს ცოტა მძიმე თემაა, მაგრამ ცოდნა ძალაა და ყველა მშობელი ინფორმირებული უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით. როცა რაღაც ვიცით, მისგან თავის დაცვა უფრო ადვილია”, – ამის თემის შესახებ Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი და ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე აცხადებს.

“ეს დაავადება ძალიან ჰგავს კავასაკის სინდრომს, ამიტომ მას კავა-კოვიდსაც ეძახიან. სინამდვილეში მულტისისტემური ანთებითი სინდრომი უფრო საშიში დაავადებაა, რადგან უფრო მაღალი სიკვდილობა ახასიათებს, თუმცა ექიმთან დროული მიმართვის შემთხვევაში შემთხვევათა 98% კარგად სრულდება.

მშობლებმა, რომლებსაც ჰყავთ 0-19 წლის ასაკის შვილი, უნდა იცოდნენ ამ სინდრომზე. საქართველოში უკვე დაფიქსირდა მისი რამდენიმე ათეული შემთხვევა. ეს სინდრომი ეხებათ უშუალოდ ბავშვებს. მართალია ის მოზრდილსაც შეიძლება განუვითარდეს, მაგრამ ძალიან იშვიათად. ძირითადად, ეს ბავშვების დაავადებაა.დაავადება, სახელად მულტისისტემური ანთებითი სინდრომი 0-19 წლის ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით 7 წლის ასაკის ბავშვებში ვითარდება. ის გვხვდება როგორც გოგოებში, ასევე ბიჭებში, თუმცა სტატისტიკურად ბიჭებში უფრო ხშირად ვითარდება.

როცა ბავშვები ავადდებიან კოვიდით, შემთხვევათა თითქმის 100%-ში ისინი ვირუსს მსუბუქად  და ხშირად უსიმპტომოდაც იხდიან. თუმცა აღმოჩნდა, რომ კოვიდის შემდეგ რაღაც პერიოდში, უფრო კონკრეტულად 2-6 კვირის განმავლობაში შეიძლება მულტისისტემური ანთებითი სინდრომი განვითარდეს. სავარაუდოდ, კოვიდის შემდეგ მას-ის განვითარებას იწვევს კოვიდის მიერ ინტერფერონების წარმოების შეფერხება. ვირუსის ალაგების შემდეგ იმუნური სისტემა ძალიან მაღალი ენერგიით იწყებს მუშაობას და ადამიანის ორგანიზმსვე ებრძვის.

ამიტომ იყავით ყურადღებით და თუკი მას-ის სიმპტომებიდან რომელიმეს შენიშნავთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ პედიატრს.

თუკი თქვენმა შვილმა გადაიტანა კოვიდი, მისი გადატანიდან 2-6 კვირის განმავლობაში აქვს :

  • აქვს მაღალი ტემპერატურა ზედიზედ სამ დღეზე მეტხანს;
  • აქვს მუცლის ტკივილი, დიარეა ან გულისრევა, ან სამივე ერთად;
  • თუკი თვალები აქვს ჩაწითლებული, ანუ აქვს არაბაქტერიული კონიუქტივიტი;
  • თუკი უცებ მთელ სხეულზე გაუჩნდა გამონაყარი;
  • თუკი შეინიშნება შეშუპება ფეხისგულებსა და ხელისგულებზე;
  • თუ გამოხატულია წნევის მკვეთრი კლება;

ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ პედიატრს.

ყველა პედიატრი ამ სინდრომის შესახებ ინფორმირებული არ არის, ამიტომ თავადვე უთხარით, რომ მულტისისტემათა ანთებით სინდრომზე გაქვთ ეჭვი.

სახელწოდებიდან გამომდინარე, მულტისისტემურ ანთებათა სინდრომს არაერთი ორგანოს დაზიანება შეუძლია. მას შეუძლია გამოიწვიოს გულის, თირკმლის, ფილტვის უკმარისობა. დააზიანოს თავის ტვინი, თვალები, კუჭ-ნაწლავი. ამიტომ უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ნურცერთ ზემოთ ჩამოთვლილ  სიმპტომს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს კოვიდის მოხდიდან 2 თვის განმავლობაში. საბედნიეროდ ეს დაავადება მკურნალობას ძალიან კარგად ემორჩილება, მთავარია ექიმთან დროული ვიზიტი და ყველაფერი კარგად იქნება.”