ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის და განკურნების პროცესი გეგმაზომიერად წინ მიდის – კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია მისი ძმის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, რეაბილიტაციის და განკურნების პროცესი გეგმაზომიერად წინ მიდის.

კონსტანტინე გამსახურდია “საერთაშორისო” საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მადლობას უხდის.

“დღეს, 19 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში, ბატონმა ლევან იზორიამ, ასევე მე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა და საელჩოს კიდევ ორმა თანამშრომელმა მოვინახულეთ ცოტნე გამსახურდია ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში, სადაც იგი რეაბილიტაციის და მკურნალობის კურსს გადის.
როგორც ჩემი, ისე კოლეგების აზრით ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის და განკურნების პროცესი გეგმაზომიერად წინ მიდის. ყველაფერი კეთდება მისი გამოჯანმრთელებისთვის. გვსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს,“ რომელიც სრულად ფარავს მკურნალობის ყველა ხარჯს”,– წერს ფეისბუქზე გამსახურდია.

პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირია დაკავებული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.