ცოტნე კობერიძემ და ბორის ყურუამ სუს-თან რევოლუციაზე ისაუბრეს (ვიდეო)

გირჩი – მეტი თავისუფლების წევრებმა, ცოტნე კობერიძემ და ბორის (ჩელე) ყურუამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ რევოლუციაზე ისაუბრეს. მათ გააპროტესტეს სუს-ის გუშინდელი განცხადება, რომლითაც უწყებამ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ სოციალურ ქსელებში რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობის მოწოდებისგან. სუს-ის აზრით, ეს კანონდარღვევაა.

ცოტნე კობერიძის თქმით, ამერიკის დამფუძნებელ მამებს დემოკრატიის ფასი სუს-ის უფროსზე, გრიგოლ ლილუაშვილზე ნაკლებად არ ესმოდათ, თუმცა მათთვის რევოლუციაზე საუბარი ნორმალური იყო.

“მეგობრებო, დანაშაულია ამ ქვეყანაში ფეისბუქზე დაპოსტო და ისაუბრო რევოლუციაზე. მე და ჩელემ გადავწყვიტეთ, ვინც ეს აგვიკრძალა, იმათ წინ დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. რევოლუცია არის ერთერთი ბერკეტი, როგორ შეიძლება ადამიანმა შენი უფლებები მოიპოვო. თუ ამერიკის დამფუძნებელი მამები საუბრობდნენ რევოლუციაზე და ეს ნორმალური იყო, ლილუაშვილს რატომ ჰგონია რომ რევოლუციაზე საუბარი არის პრობლემა, არ ვიცი. არ მგონია, ლილუაშვილზე ნაკლებად ესმოდეს დემოკრატიის ფასი რომელიმე ამერიკის დამფუძნებელს”,– თქვა ცოტნე კობერიძემ.

ბორის ყურუას აზრით, 2003 წელს რევოლუცია საქართველოს დაეხმარა და ვერავინ იტყვის, რომ ის იყო ცუდი.

“მართალია, დღეს ცდილობენ რომ ისტორია გადაწერონ და ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ეს ქვების სროლა იყო და არა თავისუფლებისთვის ბრძოლა, მაგრამ ეს არ გამოუვათ. მათაც იმის გამო ეშინიათ რევოლუციის, რომ არ უნდათ, ხალხმა მათთან ურთიერთობა რევოლუციის გზით დაიწყოს. რაღაცაზე საუბარი როგორ შეიძლება დანაშაული იყოს?!”,– აღნიშნა ყურუამ.

მათ დიალოგს შეგიძლიათ მითითებულ ვიდეოში მოუსმინოთ: