ცხოვრებაში “არა” არ მითქვამს პაციენტის მიღებაზე, 10 დღეა, ბევრი “არა” მაქვს ნათქვამი – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ქვეყანაში იმდენი ინფიცირებულია, ვიდრე წარმოედგინათ.

“სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ინფიცირებული გვყავს, იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვედგინა და გათვლილი იყო. თქვენ იცით რომ ჩვენმა ქვეყანამ წინა პერიოდში აირჩია ვირუსის შეკავების მიდგომა. ამ მიდგომამ იმ ეტაპისთვის გაამართლა. რადგანაც გვყავდა ცოტა ინფიცირებული, ყველა ხვდებოდა საავადმყოფოში და მათზე ზედამხედველობას ახორციელებდნენ ექიმები.

მე სულ ვიძახი, როცა მთავარია ქვეყანაში არ დადგეს საკითხი, როცა ექიმმა ჰუმანურობა უნდა დაივიწყოს ან უნდა გადახედოს”,- ამბობს რატიანი ტვ პირველის ეთერში.

მისი თქმით, პაციენტისთვის “არა” არასდროს უთქვამს, თუმცა ბოლო 10 დღის განმავლობაში ბევრისთვის მოუწია თქმა.

“ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ დატვირთვას, თუნდაც ევროპის წამყვანი, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე ინფექციის გავრცელებასთან გვაქვს საქმე.

როდესაც პატრონი ან სასწრაფო მირეკავდა, ცხოვრებაში “არა” არ მითქვამს პაციენტის მიღებაზე, იმიტომ, რომ ეს ექიმობაა, იმიტომ გეუბნებიან – “დამეხმარე”, შენი იმედი გააჩნიათ, ხო. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღეა, თითქმის ათი დღეა, ბევრი “არა” მაქვს ნათქვამი პაციენტის გადმოყვანაზე, რაც სიმართლე გითხრათ, ეს გულსატკენია როგორც ექიმისთვის”,- ამბობს რატიანი.