ძალიან დაგვამშვიდა პრემიერმა – სოსო ფხაკაძე

ბიზნესის წარმომდგენლების ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა და რომ პრემიერმა ისინი დაამშვიდა და პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

“პრემიერი შეგვპირდა, რომ თითოეულ საკითხს მიხედავს, გვექნება ერთობლივი შეხვედრები. ეს იყო პირველი შეხვედრა, ამით რასაკვირველია, არ უნდა დასრულდეს. ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ბევრი შეხვედრა შედგეს, იმდენი შეხვედრა, რამდენიც საჭიროა, რომ ბიზნესი დადგეს ფეხზე, რამეთუ ძლიერ ეკონომიკას ქმნის ბიზნესი და ძლიერი ეკონომიკა არის მთავარი ფორმულა, საწინდარი ქვეყნის წარმატების.

დღეს ბიზნესს ბევრი რაღაც აწუხებს, თუმცაღა ჩვენ ყველაფერს ვერ მოვედებიდით დღეს. მაგრამ, ის თემატიკები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდეს, ჩვენ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. მათ შორის, რა თქმა უნდა გაცვლითი კურსი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ლარის კურსი არის მთავარი ეკონომიკური ბარომეტრი ჩვენი ქვეყნის. ჩვენ ძალიან დაგვამშვიდა პრემიერმა, ყველაფერი ძალიან ადეკვატურად მიიღო. იმის იმედი უნდა გვქონდეს, ერთად ვიმუშაოთ, რომ ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ და ამ მდგომარეობაში არ ვიყოთ“, – განაცხადა ფხაკაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ბიზნესასოციაციის ფუნქციაა, რომ ყველა გამოწვევა, რაც არის ბიზნესში, პროფესიულად, ობიექტურად და აკადემიურად მიიტანოს ხელისუფლებამდე.