ძალიან სახიფათოა მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება – ლომჯარია

ნინო ლომჯარია ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში მყოფი ერთ-ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას მიმართ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

მისი შეფასებით, მოვლენების არასწორ გაშუქებასა და არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ცნობისთვის, პროსახელისუფლო მედია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ერთერთი მძევალი ნაციონალური მოძრაობის წევრია.

“მძევალი, რომელიც მედია საშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი “ინტერესი” აქვს. შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცი, ამიტომ, ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა”,- ამბობს სახალხო დამცველი.