ძაღლისა და კატის მიტოვებაზე, შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს – “მოქალაქეების” კანონპროექტი

პატრონის მიერ ძაღლისა და კატის მიტოვება შესაძლოა ადმინისტრაციულად დასჯადი გახდეს.  კოდექსში ცვლილებების ინიციატორები პარტია “მოქალაქეების” დეპუტატები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი არიან.

პროექტის მიხედვით, პატრონის მიერ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო მეპატრონე იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვების განმეორებით შემთხვევაში კი, მეპატრონე ფიზიკური პირი – 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

კანონპროექტის ინიციატორთა განმარტებით, მიუსაფარი და უსახლკარო ცხოველების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი მეპატრონეების მიერ მათი მიტოვებაა.

“ბოლო პერიოდში გახშირებულია ცხოველების მიტოვება მეპატრონეების მიერ, რომელთაც მათზე ზრუნვისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება გააჩნიათ, პრევენციული მექანიზმი კი არ არსებობს. კანონპროექტის მიზანია, მოქმედ კანონმდებლობაში განისაზღვროს პრევენციული მექანიზმი, რომელიც შინაური ცხოველის მეპატრონეს შეაფერხებს ცხოველის ქუჩაში მიტოვებისგან.

ამას­თან, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ზა­ნია ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს მკაც­რი მე­ქა­ნიზ­მი, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი არა­სა­სურ­ვე­ლი ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი, რო­გორც ცო­ცხა­ლი, სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მან­კი­ე­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის შეც­ვლას და ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი ჰუ­მა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას”. – ვკითხულობთ კანონპროექტში.

აღნიშნული ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 8 ნოემბრის სხდომაზე წარედგინება.