წვრთნები სრულდება, HIMARS-ები მალე ბრძოლის ველზე იქნება! – პენტაგონი

უკრაინელი სამხედროების წვრთნები სრულდება და HIMARS-ის თავდაცვისთვის მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემები მალე ბრძოლის ველზე იქნება! – აღნიშნულ ინფორმაციას, “ამერიკის ხმა” პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის, კოლინ კალის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ჩვენ ველით, რომ ეს სისტემები მალე იქნება ბრძოლის ველზე”, – ციტირებს მას “ამერიკის ხმის” კორესპონდენტი ჯეფ სელდინი Twitter-ზე. კალმა თქვა, რომ “უკრაინელები წვრთნებს ასრულებენ”.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, უკრაინელების წუხილი რუსეთთან საარტილერიო დაპირისპირების გამო “იგრძნობა”, ვინაიდან რუსეთს გაცილებით დიდი საარტილერიო პოტენციალი აქვს.

კალმა აღნიშნა, რომ ამ ომში ამერიკის მიზანია უკრაინას თავდაცვაში დაეხმაროს და გააძლიეროს თავისი პოზიციები რუსეთთან მოლაპარაკებებში, რომლითაც დაპირისპირება “გარდაუვლად” უნდა დასრულდეს. აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიზანი რუსეთში რეჟიმის შეცვლა არ არის.

HIMARS-ის შეიარაღება შედგება 6 ერთეული 227 მმ-იანი რაკეტის ან 1 MGM-140 ATACMS ტაქტიკური რაკეტისგან. მისი შეიარაღება სრულად ემთხვევა M270-ის სტანდარტულ საბრძოლო მასალას. HIMARS-ი M270-ზე გაცილებით მსუბუქია და მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია C-130 Hercules-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავითაც.