წინააღმდეგი ვარ რეკლამირების, პოპულარიზაციის – ვოლსკი პრაიდის კვირეულზე

უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ეხმიანება ივლისში დაანონსებულ “პრაიდის კვირეულს” და ამბობს, რომ “რეკლამირების”, “პოპულარიზაციის” წინააღმდეგია, თუმცა კანონის და ღმერთის წინაშე ყველა თანასწორია.

“არასწორი მიდგომაა ეს, რადგან საზოგადოება არსებობს, საზოგადოება მრავალფეროვანია, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგწონს, მე პირადად, წინააღმდეგი ვარ ამის პოპულარიზაციის, რეკლამირების, მაგრამ უნდა დავინახოთ ისიც, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

არა მარტო კანონის, უფლის წინაშეც ყველა თანასწორი ვართ, ერთმანეთის წინაშეც თანასწორი ვართ. დავუწუნოთ ერთმანეთს ქმედება, განცხადებები, პოლიტიკური პოზიცია, მაგრამ ვერ დაუწუნებ და ვერანაირად გააუქმებ იმას, რასაც ჰქვია კანონის წინაშე ყველას ვალდებულება, სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას კანონი, ნებისმიერი მოქალაქე თავისი შეხედულების და განსხვავების მიუხედავად”, – თქვა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარტია “ერის”, ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერმა, ლევან ვასაძემ ხელისუფლებას 10 დღე მისცა, რათა მათ გააუქმონ 5 ივლიის დაგეგმილი პრაიდის კვირეული.