წინა ხელისუფლებას 170-ზე მეტი პოლიტპატიმარი ჰყავდა – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებას 170–ზე მეტი პოლიტპატიმარი ჰყავდა, ამიტომ საზოგადოებამ კარგად იცის პოლიტპატიმრობა რას ნიშნავს.

“ამ დისკუსიაში, რასაც თქვენ ე.წ. პოლიტპატიმრებს არქმევთ, მე შემიძლია შემოგყვეთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საკმაოდ დაძაბული საუბარი გვექნება. მე მახსოვს, როდესაც ვმუშაობდი უფლებადაცვით სფეროში, წინა ხელისუფლებას 170–ზე მეტი პოლიტპატიმარი ჰყავდა, ვისაც ჰქონდა განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია, ან იყო ჟურნალისტი, ვინც კრიტიკულად აშუქებდა მოვლენებს.

ბევრი მათგანის მიმართ არამხოლოდ უკანონო პატიმრობა, არამედ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობაც იყო გამოყენებული, ეს ჩვენ ყველას გვახსოვს. პოლიტპატიმრობა რას ნიშნავს, ეს ამ ქვეყანამ და ამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ, მოდით, დღეს ამ ბრალდებებს ნუ გამოვიყენებთ”,– ამბობს თალაკვაძე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ პატიმრების საკითხი უნდა გადაწყვიტოს მართლმსაჯულების სისტემამ, ოპოზიცია კი პარლამენტში უნდა შევიდეს და ამ პროცესს დააკვირდეს.