წულაძეს ვადა გაუვიდა, არ გათავისუფლებულა – წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, რეჟისორი ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა და მას “ვადა გაუვიდა”.

მისივე თქმით, წულაძეს შეუძლია, ამავე პოზიციაზე შესარჩევად კონკურში მიიღოს მონაწილეობა.

“ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა, ისევე, როგორც რამდენიმე ათეულ სამხატვრო ხელმძღვანელს ჩვენს სისტემაში და მიმდინარეობს საკონკურსო პროცედურები. თუკი ის სამხატვრო ხელმძღვანელები, ვისაც ვადა გაუვიდა და ზოგიერთი მათგანი მართლაც ხელახლა აპირებს კანდიდატობას, შემოიტანს ისიც პოზიციაზე, რა თქმა უნდა, მისი განაცხადიც, როგორც ნებისმიერი სხვა, იქნება განხილული”, – განაცხადა წულუკიანმა.

აღსანიშნავია, რომ მინისტრს შეეძლო, თავისი დისკრეციული უფლება გამოეყენებინა და წულაძისთვის კონტრაქტი ავტომატურად გაეგრძელებინა, თუმცა წულუკიანი ასე არ მოიქცა. ეს უფლება მან რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას შემთხვევაში გამოიყენა.