წულუკიანი N12 ციხის ყოფილ შენობაში ხელოვანებისთვის ალტერნატიულ სივრცეს ქმნის

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ხელოვანებს ალტერნატიულ სივრცედ ყოფილ პენიტენციურ დაწესებულებას სთავაზობს. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრობის დროს დახურა ორთაჭალის N12 ციხე, მთავრობამ კი ის კულტურის სამინისტროს გადასცა.

“მივიღე გადაწყვეტილება, N12 პენიტენციური დაწესებულება გადაქცეულიყო ალტერანტიულ სივრცე ნომერ თორმეტად, სიმბოლურად, რომ შევინარჩუნოთ სახელი, თუ საიდან მოდის ეს ადგილი, ნეგატივის, თავისუფლების აღკვეთის სივრცე 10 აგვისტოდან გადაიქცევა კულტურის სამინისტროს ალტერნატიულ სივრცედ. ნებისმიერ ახალგაზრდას, თუ ძველი თაობის წარმომადგენელს, შეეძლება, რომ თავისი შემოქმედებითი პროექტი განახორციელოს”,- ამბობს წულუკიანი იმედის ეთერში.

მისივე განცხადებით, ამ სივრცეში პირველ რიგში კონცერტები და სპეკტაკლები გაიმართება, შემდეგ კი იქ ბავშვებს სხვადასხვა პროექტის განხორციელება შეეძლებათ.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ყოფილი ციხის სივრცის გამოყენება უფასო იქნება, თუმცა მომავალში ხელოვანებს შესაძლოა “სიმბოლური საიჯარო გადასახადის” გადახდა მოუწიოთ.

“მე მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ეს სივრცე გამოიყენოს, იმიტომ რომ ეს არის უნიკალური სივრცე, ყოფილი ციხეა, ჩვენ ამით ვანგრევთ სტერეოტიპებს და ვამბობთ – კულტურა ციხის ნაცვლად, შემოქმედება დანაშაულის ნაცვლად”,- თქვა კულტურის მინისტრმა.