წყალქვეშა ნავით მტკვარში უნდა ამოვიდნენ? – ელისაშვილი სააკაშვილის დასაბრუნებლად შექმნილ ორგანიზაციაზე

საზღვარი უნდა გაარღვიოს, მიხეილ სააკაშვილი ბომბდამშენით შემოაფრინოს და დასვას, თუ წყალქვეშა ნავით მტკვარში უნდა ამოვიდნენ? – – ასე აფასებს პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დეპუტატ თაკო ჩარკვიანის მიერ შექმნილ ორგანიზაციას, რომლის მიზანი საქართველოში, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაა.

“ამ ქვეყანაში ყველას, მათ შორის თაკო ჩარკვიანს აქვს უფლება, კანონის ფარგლებში, უნდა სახალხო მოძრაობა და თუ უნდა სახალხო ლაშქარი შექმნას, მაგრამ მეეჭვება, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება გაბედოს, რადგან მას გარდაუვალი ციხე ელოდება. რამდენიმე მუხლია, რაზეც ღლიცინებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ვალერი გელაშვილი დღისით, მზისით, სააკაშვილმა სპეცრაზმს აცემინა, ისევე როგორც გაატაცებინა კობა დავითაშვილი, რომელიც იმდენად სასტიკად აცემინა, რომ მთელი ცხოვრება დავითაშვილი ამით იტანჯებოდა. სააკაშვილს ამ ბრალის გამო ციხეში დაჯდომა მოუწევს. პიჯაკების საქმე საღლიცინოა და კი ბატონო, მაგრამ კონკრეტული ფაქტებია, რაც ყველამ ვიცით და დადასტურებულია. სააკაშვილმა იცის, რომ მას აუცილებლად ელოდება ციხე. შესაბამისად, გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ჩამოვიდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა.