ჭკვიანი ახალგაზრდაა, თუმცა როგორც პოლიტიკოსი, ვერ შედგა – ხაბეიშვილი ვაშაძეზე

ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება გიორგი ვაშაძისა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებას და ამბობს, რომ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი “თავის დამკვიდრებას ცდილობს”.

ხაბეიშვილი ვაშაძეს ახსენებს “ევროპული საქართველოს” შედეგებს, რომელმაც, მისი თქმით, “მუშტი ბიძინას, იდაყვი მიშას” სტრატეგიით “მხარდაჭერა დაკარგა და ცუდი შედეგი აჩვენა”.

“მიმაჩნია, რომ გიორგი ვაშაძე ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდაა, თუმცა ვფიქრობ, პოლიტიკაში იმდენი შეცდომა აქვს დაშვებული, როგორც პოლიტიკოსი, არ გამოდგა, დრომ აჩვენა. მისი ჭკუის და ნიჭიერების გამოყენება ალბათ შესაძლებელია ქვეყნის საკეთილდღეოდ, თუმცა როგორც პოლიტიკოსი ვერ შედგა. ახლაც ოპოზიციური ფლანგის ლანძღვით უნდა რომ დაიმკვიდროს ადგილი და ეს ანიშნებს მხოლოდ სისუსტეს. ძლიერი ადამიანები პირიქით იქცევიან”,– ამბობს ხაბეიშვილი TV პირველის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ უკეთესი იქნება, თუ გიორგი ვაშაძე “მიმართულებებს გაასწორებს”.

ცნობისთვის, გუშინ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ “სააკაშვილის გასწორება არ იქნება”, ნაციონალურ მოძრაობას კი ზრდის პერსპექტივა არ აქვს. მას დღეს უპასუხა სააკაშვილმა და თქვა, რომ ვაშაძეს “მოშივდა”, ხოლო მისთვის ფულის შოვნის ყველაზე ადვილი მეთოდი კი მისი ლანძღვაა. მას კვლავ უპასუხა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა და განმარტა, რომ არა მას, არამედ ქართველ ხალხს შია.