ხაბეიშვილი ღარიბაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

‘ნაციონალური მოძრაობის’ წევრი ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება TV პირველის ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომლის მიხედვით, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და, მისი დის ქმარი, ცოლის და და მისი ქმარი საჯარო სამსახურში ჰყავს დასაქმებული.

ხაბეიშვილი ღარიბაშვილის მიმართ ნეპოტიზმის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

“მილიარდერი ივანიშვილის პირობებში მილიარდერი საკუთარ გარემოცვასაც კი არ ინახავს საკუთარი თანხებით, საბიუჯეტო სახსრების მეშვეობით დასაქმებული ჰყავს ღარიბაშვილის ნათესავები და ასი ათასობით ლარს ვფლანგავთ წლიდან წლამდე.

ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ის იქნება მონურ მორჩილებაში ივანიშვილის მიმართ და არა მსახური ქართველი ხალხის. კონკრეტული სისხლის სამართლის დევნაა დასაწყები ამ ადამიანის მიმართ, არამარტო ახლა, არამედ წინა ჯერზე რომ გააპანღურეს პრემიერმინისტრობიდან და მიაყოლეს, რომ თურმე ნეპოტიორია და მისი ნათესავები შოულობდნენ ფულს”, – ამბობს ხაბეიშვილი TV პირველთან საუბრისას.