ხაზარაძის თქმით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანაზე კუჭავა მას და ბადრი ჯაფარიძეს ესაუბრა

“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ კახა კუჭავა მას და ბადრი ჯაფარიძეს ესაუბრა, თუმცა ეს შეხვედრა 8 ნოემბერს შედგა, როდესაც ექსპრეზიდენტი ჯერ კიდევ რუსთავის ციხეში იმყოფებოდა.

მისი განმარტებით, შეხვედრა ოპოზიციურ კოალიციასთან შეთანხმებით შედგა, მათი მიზანი კი კრიზისის თავიდან აცილება იყო.

“გორის ჰოსპიტალი თვითონ ახსენა, გორიც შეიძლება ამ სიაში იყოსო, ჩვენთვის გორიც მისაღები იქნებოდა და ნებისმიერ კლინიკაც, მთავარია, ციხეში მას რამე არ დამართნოდა. რა მოხდა რეალურად? მან თქვა, რომ მე ეს გავლენა არ მაქვს და ალბათ გაჭირდება ორგანიზებაო. ჩვენ რომ გვხდებოდა ამ დროს სპეცოპერაცია მზადდებოდა თურმე და 2 საათში მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს გლდანში. მე ასე მგონია, რომ საერთოდ არავინ არაფერს ეკითხება [კუჭავას]”,– ამბობს ხაზარაძე TV პირველის ეთერში.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გუშინ, 15 ნოემბერს განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები სთავაზობდნენ, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაეყვანათ, თუმცა არ დაასახელა, ვისგან მიიღო ეს შეთავაზება.