ხალხი, რომელიც ყველანაირ მიტინგზე დადის, პროტესტს ახშობს – ხვიჩია

პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია სამოქალაქო აქტივისტების ნაწილზე ამბობს, რომ ისინი “ყველანაირ მიტინგზე” დადიან, მათთან დგომა კი “ნორმალურ” ხალხს არ უნდა, ამიტომ პროტესტის ჩახშობა ხდება.

“გუშინ როცა ეს ამბავი მოხდა, უცბად გამოვარდნენ პროფესიონალი მომიტინგეები, რომლებიც ყველანაირ მიტიგნზე დადიან, დაწყებული ტყიბულის მეშახტეების დასაცავი მიტინგიდან, დამთავრებული LGBT თემის უფლებების დაცვით, გუშინ გამოვიდნენ ამ მიტინგზეც. ადამიანები ხედავენ ამას, რომ პოლიტიკური სპეკტაკლის ნაწილი ხდება ყველაფერი სწრაფადვე.

ფაქტობრივად, დაინახავ, რომ პროტესტი იზრდება, ამ დროს გამოდის ხალხი, რომელიც ყველანაირ მიტინგზე დადის და მათთან დგომა საერთოდ არ უნდა არავის, ნორმალურ, ნეიტრალურ, კარგ ხალხს. ხდება ამ პროტესტის ჩახშობა. მე არ ვიცი, ამას რა უნდა დავუპირისპირო, ამ ხალხის უფლებაა, გამოვიდეს, რაც უნდა ის ქნას, მაგრამ მე ვხედავ, რომ სანამ ეს გაგრძელდება, მანამდე იქ ვიქნები, სადაც ვართ”,– ამბობს ხვიჩია TV კავკასიის გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად”.

მისივე განცხადებით, არასერიოზულობაა, როცა ყველაფერს აპროტესტებ, “ოღონდ ნახო რამე გასაპროტესტებელი” და “სისულელეა, რომ ყველაფერს ერთი და იგივე ხალხი აპროტესტებდეს”.

“სინამდვილეში, ეს აქტივიზმი კი არ არის, ეს არის პარტიული ამოცანა, რომ რომელიმე პროტესტი მაინც ააგდო ისე, რომ შენს პოლიტიკურ მიზანს მიაღწიო და სინამდვილეში არცერთი არ გაწუხებს”,– აღნიშნავს ხვიჩია.

ცნობისთვის, გუშინ, მას შემდეგ რაც პოლიციელის მიერ შშმ პირზე ძალადობის კადრები გავრცელდა, სამოქალაქო აქტივისტებმა ეს შინგან საქმეთა სამინისტროსთან გააპროტესტეს.