ხალხმა გადატეხა ხელისუფლება და ოპოზიცია წელში – ვარლამ გოლეთიანი ნამახვანჰესზე

“ხალხმა დაიწყო ბრძოლა და გადატეხა ხელისუფლება და ოპოზიცია წელში”- განაცხადა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ”ფორმულას” ეთერში.

”ასე დავაყენოთ საკითხი – ვისი პასუხისმგებლობა დგას? ვინც გააფორმა ხელშეკრულება, იმ ადამიანის პასუხისმგებლობა არ დგას? ეს ხომ აბსოლუტურად ლოგიკურია? ვინც დადო ანტისახელმწიფოებრივი შეთანხმება, რომელიც აბსოლუტურად ინვესტორზეა მორგებული, ამაზე პასუხი არ უნდა აგოს იმ ხალხმა, ვინც მოაწერა ხელი? ხელისუფლებამ არ უნდა აგოს პასუხი? აღნიშნულ შეთანხმებაზე დღევანდელი ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა ჩინოვნიკს აქვს ხელი მოწერილი. მე პირდაპირ შემიძლია ქართველ ხალხს მივულოცო, რომ უმნიშვნელოვანესი პროცესი დაფიქსირდა ქვეყანაში, ხალხმა დაიწყო არგუმენტირებული ბრძოლა და გადატეხა ხელისუფლება და ოპოზიცია წელში სწორედ ამ მიმართულებით. ახლა ყველა ერთად, ორკესტრირებულად გვიპირისპირდება, თითქოს ჩვენ ბნელები ვართ და სანთლის შუქზე გვინდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ასე არ გამოვა. კეთილი ინებოს ყველამ და გაერკვეს საკითხში და ნუ ვიქნებით მომართული, რომ ვიღაცების ბრალეულობა ცარიელ ნიადაგზე გამოვკვეთოთ.”- განაცხადა გოლეთიანმა.