ხანძარია ოკუპირებული გალის სოფლებში – გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის რამდენიმე სოფელში, ზემო-ბარგებში, სიდასა და რეპო-ეწერში, ტყის ხანძარი გაჩნდა, რის გამოც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობის შესახებ განცხადება გააკეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხოკავკაზა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე თქმით, ხანძარი იქვე მდებარე სახლებზე და ხის ნაგებობებზეც გავრცელდა  და ახლომდებარე სახლებამდე მიაღწია.

„ყველა შესაბამისი სამსახურის სწრაფი რეაგირებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების მცდელობის მიუხედავად, ხანძარი სახლებსა და ხის შენობებს მოედო”, – იუწყება ადგილობრივი მედია.