ხანძარი თურქეთში – საჭიროების შემთხვევაში, საქართველო თურქეთს დაეხმარება

ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა პრეზიდენტ ერდოღანს თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მხარდაჭერა აღუთქვა. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთის რესპუბლიკას სათანადო დახმარება აღმოუჩინონ”,- წერია განცხადებაში.

თურქეთის სამხეთ-დასავლეთით მდებარე ტურისტული ქალაქებიდან დამსვენებლების ევაკუაცია მიმდინარეობს. ხანძარი სასტუმროებს და სახლებს ემუქრება. ხანძარმა ქალაქ ბოდრუმამდე მიაღწია.

ხანძარს მეხუთე დღეა ებრძვიან. მან უკვე 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.