ხანძარი მუხიანში – მაშველებმა 5 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 3 არასრულწლოვანია

თბილისში, მუხიანის დასახლებაში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნულ სართულზე შეინიშნებოდა ხანძარი. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ. ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსზე მიშენებულ დამხმარე ნაგებობას ეკიდა, რამაც კორპუსის ქვედა სართულების ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

მეხანძრე-მაშველებმა, ხანძრის ქრობის პარალელურად, დაუყოვნებლივ განახორციელეს დაკვამლიანებული ტერიტორიის – მათ შორის, საცხოვრებელი ბინების დათვალიერება. ჩატარებული პრევენციული და სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან 3 არასრულწლოვანი და 2 სრულწლოვანი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს, რომლებსაც შესაბამისი პირველადი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

მომხდარის შედეგად, დაიწვა დამხმარე-ნაგებობის 10 კვ/მ-მდე ფართობი, ასევე, კორპუსის ნულ სართულზე განთავსებული სავაჭრო დაწესებულების ჭერი და პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის ფანჯარა.