ხელახალ არჩევნებში, დიდი ალბათობით, არ მივიღებ მონაწილეობას – გრიგოლ ვაშაძე

ენმ–ს თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში მასში მონაწილეობას დიდი ალბათობით არ მიიღებს.

“დიდი ალბათობით არა, არ გადამიწყვიტია ზუსტად, მაგრამ დიდი ალბათობით, არა.

მე იმ პარტიულ ორგანიზაციას, რომელთანაც 2017 წლიდან გავატარე უფრო მეტი დრო, ვიდრე თბილისში ვინმესთან, ჩვენ თავიდანვე მოვილაპარაკეთ, ვიგებთ მაჟორიტარულ არჩევნებს – შევდივარ, ვერ ვიგებთ – მე სიით პარლამენტში არ შევალ.

რაღაც თავი ცხოვრებაში იწყება, რაღაც თავი მთავრდება. რომ გითხრათ, მე ვაპირებ 30 წელი ვიბალახო ამ მოედანზე როგორც ზოგიერთები აკეთებენ ახლა, ერთი პარტიიდან მეორეში ვირბინო და ასე შემდეგ, ნამდვილად არ მაქვს ამის სურვილი. ვნახოთ, მომავალი რას მოიტანს”, – ამბობს ვაშაძე.

მანვე აღნიშნა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში რჩება.

საპარლამენტო არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში ენმ–ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატია. ცესკოს მონაცემებით, მან არჩევნების პირველ ტურში 34.72%-ის ხმა მიიღო და მეორე ტურში გადავიდა.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს. ისინი ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.