ხელვაჩაურში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში, მაშველებმა მეწყერში მოყოლილი მოზარდის ცხედარი იპოვეს.  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა, სოფელ ჯოჭოში სამაშველო ოპერაცია დასრულდა.

“საძიებო სამუშაოები დასრულდა, არასრულწლოვნის ცხედარი ნაპოვნია. გრძელდება შუახნის მამაკაცის ძებნის სამუშაოები, რომელიც მდინარემ წაიღო.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მეხანძრე-მაშველს, რომელიც ჩართული იყო ოპერაციაში”, – განაცხადა ანანიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, დამეწყრილ ტერორიაზე 20-საათიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ნაპოვნია ცოლ-ქმრის ცხედარი, ასევე მსუბუქ ავტომობილში მყოფი 2 ახალგაზრდა მამაკაცი.

სამძებრო სამუშაოები მდინარე მეჯინისწყალზეც მიმდინარეობს.