ხელვაჩაურში საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა

ხელვაჩაურში, 41-ე საარჩევნო უბანზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, კაცი სოფელ ჩიქუნეთის მკვიდრი იყო, უბანზე ხმის მისაცემად მივიდა. შენობიდან გამოსვლის დროს კი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

მამაკაცს სავარაუდოდ გულის შეტევა განუვითარდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.