ხელისუფლება ემზადება, რომ პროცესი გააჭიანუროს და გამოიყენოს ბრაზის გადაგორების ტაქტიკა – ნაცვლიშვილი

“ქართული ოცნება ახლა ემზადება, იმისთვის რომ პროცესი გააჭიანუროს და გამოიყენოს მისთვის კარგად ნაცნობი ტალღების და ბრაზის გადაგორების ტაქტიკა. ნუ მივცემთ მათ ამის საშუალებას”, – ამის შესახებ  “ლელო – საქართველოსთვის” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

“მე მინდა გავაფრთხილო საზოგადოება, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ ქართული ოცნება ახლა ემზადება, იმისთვის რომ პროცესი გააჭიანუროს და გამოიყენოს მისთვის კარგად ნაცნობი ტალღების და ბრაზის გადაგორების ტაქტიკა. ნუ მივცემთ მათ ამის საშუალებას, ჩვენ აქ არ გავჩერდებით, არ მივცემთ მათ ამის საშუალებას, რომ მშვიდად ისაუბრონ პეპლებზე და ყვავილებზე. ასევე, მინდა ვთხოვო საზოგადოებას არ გაჩერდეთ, გადაგორების ტაქტიკა მათ არ უნდა გაუვიდეთ, მათ აქვთ ახლა ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გააჭიანურონ ეს პროცესი, როგორ დაგვღალონ და როგორ დაღალონ  ეს პროცესი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროტესტი და როგორ გააბანალურონ. ჩვენ არ მივცემთ ამის შესაძლებლობას და გთხოვთ თანადგომას, მხარდაჭერას. კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვთხოვ, სადაც ხმა მიგიწვდებათ თქვენს ქალაქში, თქვენს სოფელში, თქვენს თემში, ყველგან სადაც ხართ, გააგონეთ თქვენი ხმა – არა რუსულ კანონს. ერთიანობით ჩვენ შევძლებთ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი”, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.