ხელისუფლება რეგიონებში დაშინების გზით ”ლელოს” წევრებს პარტიულ სიებს ატოვებინებს – ჯაფარიძე

ხელისუფლება რეგიონებში დაშინების გზით ”ლელოს” წევრებს პარტიულ სიებს ატოვებინებს  -ამის შესახებ, პარტია ”ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამით წინასაარჩევნო პროცესს საფრთხე ექმნება და ეს “განწირული, აგონიაში მყოფი” პოლიტიკური ძალის გამოყენებული მეთოდებია.

“ახალციხეში 4 წევრი დაშინების გზით იქნა გამოყვანილი პარტიული სიიდან. გვქონდა ესეთი შემთხვევა ვანში, როდესაც ჩვენს კანდიდატს უთხრეს, რომ თუკი ის გააგრძელებდა საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობას ლელოს სახელით, მაშინ მისი მეუღლე არ დაფინანსდებოდა ქირურგიული ოპერაციის კუთხით იმიტომ, რომ მისი მეუღლე საჭიროებს სამედიცინო დახმარებას.

აი, ესეთი მეთოდებით ცდილობს ქართული ოცნება შეინარჩუნოს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ეს არის განწირული, აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალის მიერ გამოყენებული უმსგავსო მეთოდები. ეს ვერ შეცვლის იმ ვერდიქტს, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.