ხელისუფლება სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდებას ხანდაზმულობის ვადით ცდილობს – სკანდალური ჩანაწერები

ხელისუფლება სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდებას ხანდაზმულობის ვადით ცდილობს – ამის შესახებ, პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშია აცხადებს.

“ბოდიშით ჟარგონისთვის, ქართული ოცნება ჩალიჩობს, პირდაპირ გეუბნებით, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოაქციოს ეს ყველაფერი, ვინაიდან 10-წლიანი ვადა აქვს მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში ხანდაზმულობის. აქედან გამომდინარე, მათი მიზანია, რომ გარკვეულწილად, ეს ხანდაზმულობის ვადაში გადააგდონ. შემდეგ პროკურატურას ათქმევინონ, რომ იცით რა, ეს ხანდაზმულია და ამით შეწყვიტონ გამოძიება. თუ გამოძიებას დაიწყებენ. ეს ხრიკები არ გამოუვათ ამათ”,-  აცხადებს ლევან სამუშია.

მიზეზი,  რის გამოც ქართული ოცნება ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ბერა ივანიშვილი ადამიანების დასჯის ბრძანებას 2010 წელს გასცემდა და ტერორი ივანიშვილის სახელით ათი წლის წინ ხდებოდა არის ის რომ, ამ სიმძიმის დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა ათი წელი აქვს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სოციალურ ქსეში, Facebook-ზე  ბერას ოფიციალური გვერდი 2011 წელს დარეგისტრირდა. სადამსჯელო ოპერაციები ბერას სახელით კი სწორედ ამ გვერდზე დაწერილ კრიტიკულ კომენტარებს და სტატუსებს უკავშირდება,შესაბამისად 2010 წელს, ბერა ივანიშვილი ადამიანის დასჯის ბრძანებას ვერ გასცემდა.

ცნობისთვის,შაბათს, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გავიდა სიუჟეტი ფარული აუდიო ჩანაწერით, რომელშიც წამყვანის განცხადებით საქართველოს ამჟამინდელი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი,ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და   სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე  საუბრობენ.  ტვ პირველის თქმით,  აუდიოფაილები მათ ანონიმმა წყარომ მიაწოდა. ოთხი აუდიოფაილი  ვრცელია და სხვადასხვა კერძო საუბრებს შეიცავს, თუმცა არხმა ჩანაწერის მხოლოდ ის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდო დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის ნიშნებს შეიცავს.ჩანაწერში საუბარია რამდენიმე ახალგაზრდის დასჯაზე, ვინც ბერა ივანშვილს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს. საუბრობენ რამდენიმე ადამიანის დასჯაზე, რომელთაგან მხოლოდ ერთის სახელი და გვარი სახელდება. არხი ამბობს, რომ დაუკავშირდა ამ ადამიანის დედას, რომელიც ინციდენტს ადასტურებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.