ხერსონში ოკუპანტებმა 56 წლის ქალი პროუკრაინული პოზიციის გამო საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს

ხერსონის ოლქის ქალაქ სკადოვსკში რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ საჯაროდ დასაჯა სიკვდილით 56 წლის ტატიანა მუდრენკო, რომელიც ოკუპაციას გმობდა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Financial Times მოკლული ქალის დაზე, ნატალია ჩერნაიაზა დაყრდნობით წერს.

ტატიანა მუდრენკო, რომელიც პროფესიით ექთანი იყო, საჯარო დგამოხატავდა პროუკრაინულ პოზიციას უშუალოდ რუსი სამხედროების წინაშე და მათ ორკებს უწოდებდა. ბოლო ცნობილი შემთხვევა ოქტომბრის დასაწყისში მოხდა, როცა ქალმა ადგილობრივი პოლიცია რუსულ არმიასთან თანამშრომლობის გამო გააკრიტიკა და დაიყვირა: “სკადოვსკი– უკრაინაა!“ 7 ოქტომბერს ნატალიამ დას დნეპრიდან დაურეკა, თუმცა მალევე კავშირი შეწყდა.

გარკვეული დროის შემდეგ კი სკადოვსკის მაცხოვრებლების თქმით, პრორუსულმა პოლიციამ ტატიანა და მისი ქმარი, ანატოლი ორეხოვი მათი სახლის ეზოდან გაიტაცა.

კოლაბორანტებმა სახლი გაჩხრიკეს, ასევე წაიყვანეს წყვილის ავტომობილი და ველოსიპედები. 15 ოქტომბერს ერთ–ერთმა ქალმა დაურეკა ნატალიას, რათა საშინელი ამბავი შეეტყობინებინა: მისი და გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

“მან მითხრა, რომ ტანია ჩამოახრჩეს. პირში რაღაც ჩაასხეს, შემდეგ კი სასამართლოს შენობის წინ ჩამოკიდეს“– უყვება ნატალია ჩერნაია ჟურნალისტებს.

ქალის თქმით, ვინც მოკლულის დას დაურეკა, ანატოლი არეხოვი პატიმრობიდან დამტვრეული ხელებით და სხვა ტრავმებით გამოვიდა, რაც მეტყველებდა, რომ ის სასტიკად სცემეს. მას ცოლის დაკრძალვის უფლება მისცეს, შემდეგ კი კაცი უკვალოდ გაქრა.

ნატალია ჩერნაიამ სკადოვსკის საქალაქო მორგს მიმართა და შეეცადა დის ბედი გაერკვია. თავიდან მასთან ლაპარაკი არავის უნდოდა, შემდეგ კი გარდაცვალების ცნობა გაუგზავნეს, რომელშიც მიზეზად მითითებულია “მექანიკური ასფიქსია“, ანუ გაგუდვა ყელზე ძლიერი ზეწოლის შედეგად.

უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციამ “მედია– ინიციატივა ადამიანის უფლებებისათვის“ ტატიანა მუდრენკოს სიკვდილი დაადოკუმენტირა და საკუთარ საიტზე დამატებითი დეტალები გამოაქვეყნა. სკადოვსკის მაცხოვრებლები სოციალურ ქსელებში ვარაუდობენ, რომ უკრაინელი ქალის სიკვდილში გარეულია საოკუპაციო პოლიციის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, იგორ კუზმენიუკი. მათი თქმით, კოლაბორანტი სასტიკად იქცევა და პროუკრაინული პოზიციის გამო ადამიანებს აწამებს. ტატიანას ნათესავებიც არ გამორიცხავენ ქალის მკვლელობასთან მის კავშირს. ტატიანა სავარაუდოდ ერთადერთი მსხვერპლი არ არის.

ნატალია ჩერნაიამ არასამთავრობო ორგანიზაციას მისი ადგილობრივი ნაცნობების სიტყვები გადასცა, რომლის მიხედვით ოკუპანტებს პარტიზანულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ადამიანები ქალაქგარეთ მდებარე საბავშვო ბანაკში გაჰყავთ, სადაც რუსი სამხედროები არიან ბაზირებული. პოლიციელები ხშირად იმეორებენ, რომ იქიდან უკან აღარავინ ბრუნდება. ქალაქგარეთ ოკუპანტებმა ტრანშეებიც ამოთხარეს და ადგილობრივები შიშობენ, რომ სწორედ იქ შეიძლება დამარხონ წამების მსხვერპლები.

შეგახსენებთ, ხერსონში რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი თეატრის მთავარი დირიჟორი, იური კერპატენკო საკუთარ სახლში დახვრიტეს მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა უარი თქვა მათთვის კონცერტის გამართვაზე.