ხვალ გადაწყვეტთ ღარიბაშვილის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი აღსრულდება თუ არა – სააკაშვილი

‘ხვალ გადაწყვეტთ ღარიბაშვილის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი აღსრულდება თუ არა”- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში. სააკაშვილი აცხადებს, რომ თითოეულ მოქალაქეზეა ხვალ დამოკიდებული იცოცხლებს თუ მოკვდება.

”რატომ ვშიმშილობ? იმიტომ, რომ ჩემი ხმა ჩაახშეს სატელეფონო ზარების აკრძალვით.ჩემს პოზიციას ხმამაღლა ვერ გამოვხატავ იმიტომ, რომ სასამართლოში არ მივყავარ უკვე ერთი ერთი თვეა. ფანჯრიდან ერთხელ გადმოვიხედე და მთელი სართული დაგმანეს, შორიდან დაიწყეს ჩემი ტარება. არცერთი სამართლებრივი ნორმა დაცული არ არის! თქვენ გაშინებდნენ სააკაშვილით – აი, ჩამოვა და ყველას დაერევაო, სინამდვილეში – ჩამოვედი უხმაუროდ, თავი ავარიდე პროვოკაციას, ასევე უხმაუროდ ჩავბარდი და ვშიმშილობ სამარტოო საკანში. ასე მოვიქეცი იმიტომ, რომ ჩემი ხალხი მიყვარს, არ მინდა ვინმეს რამე დაუშავდეს. ბოლო ორი დღე ორი ადამიანი საუბრობდა ჩემზე – ღარიბაშვილი, რომელმაც თქვა, ან თვითმკვლელობის გზით უნდა მოკვდეს, ან კრიმინალებთან გადაყვანითო. და მეორე – მეუფე გრიგოლი, რომელიც ჩემთან იყო და რომელთანაც საოცარი საუბარი მქონდა. მან ჟურნალისტებს უთხრა: სამშობლო უფრო მაღლა დგას, ვიდრე თქვენი პირადი ბოღმა და ამიტომ პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გადარჩეს და თავისუფალი იყოს, რათა თავის სამშობლოს გამოადგესო. მეუფე გრიგოლთან ერთად ჩვენ ერთხელ უკვე გამოვადექით სამშობლოს, როცა ფოთის ტაძარი მორწმუნეთათვის ძველი ბრწყინვალებით აღვადგინეთ და ცალკე თეატრი ავაშენეთ. რა თქმა უნდა, ამჯერად არ მსურს არცერთი თანამდებობა, ან პოსტი! ხვალ თქვენ გადაწყვეტთ ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი აღსრულდება ჩემ მიმართ, თუ მეუფე გრიგოლის გულწრფელი სურვილი, რომ მე კიდევ გამოვადგები ჩვენს სამშობლოს. თითოეულ თქვენს ხმაზე და არჩევნებში მონაწილეობაზეა დამოკიდებული ვიცოცხლებ თუ მოვკვდები. იცოდეთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მაინც მეყვარებით და უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო! ამ სიყვარულმა ჩამომიყვანა აქ და ეს სიყვარული მაცოცხლებს მთელი თვეა!” –  ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ხვალ, 30 ოქტომბერს, საქართველოს 20 ქალაქში არჩევნების მეორე ტური იმართება.საქართველოს მესამე პრეზიდენტი 28-ე დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს.