ჯანმომ მსოფლიოში სიკვდილიანობის ათი მთავარი მიზეზი დაასახელა

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ადმიანები უფრო ხშირად კვდებიან არაინფექციური დაავადებებით, როგორიც არის: გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და კიბო. ამის შესახებ საუბარია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ მაშტაბურ კვლევაში, რომელიც  მსოფლიოში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზების დასადგენად ჩატარდა. ჯანმო ხაზს უსვამს, რომ ასეთი დაავადებების ადრეულმა დიაგნოსტიკამ და პროფილაქტიკამ შესაძლოა ლეტალური შედეგების რაოდენობა შეამციროს.

თუ 2000 წელს მსოფლიო მაშტაბით ადამიანების გარდაცვალების მთავარ მიზეზთა ათეულში მხოლოდ ოთხი დაავადება იყო, რომლებიც კონტაქტის გზით არ გადადის, 2019 წელს ასეთი დაავადება უკვე შვიდია.

“ახალი შედეგები კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ სასწრაფოდ უნდა გავაძლიეროთ არაგადამდები დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ეს მონაცემები ასევე მეტყველებს, რამდენად მნიშვნელოვანია პირველადი მედიკო–სანიტარული სისტემის გაუმჯობესება… რომელიც აშკარად ყველაფრის საფუძველია – არაინფექციურ დაავადებებთან ბრძოლიდან დაწყებული გლობალური პანდემიის პირობებში მუშაობით დამთავრებული.“– ამბობს ჯანმოს ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი.

ჯანმო ასევე ასკვნის, რომ 2000 წელთან შედარებით  მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობა 6 წლით გაიზარდა და ამჟამად 73 წელზე მეტს შეადგენს, როცა 20 წლის წინ 67 წელი იყო. ამასთან, ამ ექვსიდან მხოლოდ ხუთ წელს ატარებენ ადამიანები ჯანმრთელად.

კვლევა ეფუძნება კორონავირუსის პანდემიამდე შეგროვილ მონაცემებს და არ ასახავს, თუ როგორ იმოქმედა ბოლო წლების ზოგად ტენდენციებზე Covid19-ის გავრცელებამ.

ვნახოთ კვლევის მიხედვით რა არის ადამიანების სიკვდილის მთავარი მიზეზები მსოფლიოში(2019წელი)

  1. გულის იშემიური დაავადება
  2. ინსულტი
  3. ფილტვების ქრონიკული ობსტრუციული დაავადება
  4. ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია (ინფექციური დაავადება)
  5. ნეონატალური (ახალშობილთა) დაავადებები(ინფექციური დაავადება)
  6. ხორხის, ბრონქების და ფილტვების სიმსივნური დაავადებები
  7. ალცჰეიმერის დაავადება და დემენციის სხვა ფორმები
  8. დიარეა(ინფექციური დაავადება)
  9. შაქრიანი დიაბეტი
  10. თირკმელების დაავადებები.

მკვლელი №1

მსოფლიოში სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად გულის იშემიური დაავადება რჩება. მთელ მსოფლიოში ამ დაავადებაზე სიკვდილიანობის 16% მოდის. ამათან, ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობა წელიწადში 2 მილიონიდან თითქმის 9 მილიონამდე გაიზარდა.

ნატალური დაავადებები ჯანმოს სიის მეხუთე ადგილზეა, თუმცა დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში ისინი სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად რჩება. მაგრამ, როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ბოლო წლების განმავლობაში დაბადების დროს სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა: 2019 წელს 2 მილიონი ახალშობილი გარდაიცვალა, ანუ 1.2 მილიონით ნაკლები, ვიდრე 2000 წელს.

სიკვდილის ათ მთავარ მიზეზს შორის არის ალცჰეიმერის დაავადება და დემენციის სხვა სახეობები, ამასთან, ევროპაში და ამერიკაში ეს დაავადებები სიის მესამე ადგილზე აღმოჩნდნენ. ჯანმოს ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ასეთი დაავადებები ქალებს უფრო მძიმედ გადააქვთ: ლეტალური შედეგის 65% ქალებზე მოდის.

ბოლო ოცი წლის მანძილზე 70%–ით გაიზარდა დიაბეტით სიკვდილიანობის მაჩვენებელი, პირველ რიგში მამაკაცებს შორის. ყველაზე სწრაფი ზრდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დაფიქსირდა.

ინფექციური დაავადებები

ჯანმოს მონაცემები აჩვენებს, რომ მთლიანობაში ბოლო წლების მანძილზე მსოფლიო უკეთ ართმევს თავს ინფექციურ დაავადებებს 2000 წელთან შედარებით. ისეთი დაავადებები, როგორიც არის ტუპერკულიოზი და შიდსი სიკვდილიანობის მიზეზთა ათეულში საერთოდ აღარ არიან, თუმცა აფრიკის, აზიის და სხვა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ისინი სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხედ რჩება.

ყველაზე საშიშ ინფექციურ დაავადებად რჩება ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ვირუსული პნევმონია(სწორედ ის ხდება ყველაზე ხშირად სიკვდილის მიზეზი Covid19-ის დროს). 2019 წელს ეს დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის მიზეზთა შორის მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა და 2.6 მილიონი ადამიანის სიკვდილის  მიზეზი გახდა. 2000 წელთან შედარებით გარდაცვლილთა რაოდენობა შარშან 460 ათასით ნაკლები იყო.

ჯანმოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომავალ ანგარიშში სიკვდილიანობაზე  კოვიდ19–ის პანდემიის პირდაპირი  და ირიბი გავლენის შეფასებაც შევა.

მსოფლიოში სიკვდილიანობის სხვა სერიოზულ მიზეზებს შორის 2000–2019 წლებში ჯანმო საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევებსაც ასახელებს, განსაკუთრებით აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

ანგარიშის ავტორები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ნარკოტიკების შედეგად გარდაცვლილ ამერიკელთა რაოდენობას. ეს ერთადერთი რეგიონია მსოფლიოში, სადაც სიკვდილის ეს მიზეზი ათეულში აღმოჩნდა.