ჯაფარიძე: დოკუმენტი უკეთესია, თუმცა არ მჯერა, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მედიატორების წარდგენილი დოკუმენტი არ მოსწონს, თუმცა პოლიტპატიმრების ნაწილში მნიშვნელოვანი წინსვლაა.

“დოკუმენტი ცალსახად უკეთესია, ვიდრე წინა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ბევრად უფრო გასაგები მექანიზმი არის ჩადებული. ზოგადად დოკუმენტი არ მომწონს. არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას. არც წინა დოკუმენტზე მჯეროდა, არც ამაზე მჯერა.

ხელის მოწერას რაც შეეხება, ამ წუთში გადაწყვეტილება არ მაქვს, ჩვენ გვითხრეს, რომ გვექნება დრო და ერთმანეთთანაც გვქონდეს კონსულტაციები. ამიტომ რასაც ვაპირებ არის ის, რომ წავიდე, პარტიაში მქონდეს კონსულტაციები, სხვა პარტიებთანაც მქონდეს კონსულტაციები და ამის მერე მივიღებ გადაწყვეტილებას”,– ამბობს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, “გირჩი – მეტი თავისუფლების” გადაწყვეტილება სხვა პარტიების ხელმოწერაზე არ იქნება დამოკიდებული.