“პრემიერმინისტრის მრჩეველს ინვესტიციების მოზიდვის სფეროში, ბ-ნ ვაზილ ჰუდაკს. საქართველოს მთავრობა – გადაუთარგმნეთ თუ შეიძლება.

ხვალ ხდება 1 კვირა რაც მრჩევლად დაინიშნეთ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და ჯერჯერობით მხოლოდ ის გავიგეთ თქვენგან, რომ ახლა საქართველოსთვის შესაძლებლობების პერიოდია. მე მაინტერესებს, რის რჩევას აპირებთ პრემიერისთვის.

არაა ეს ქვეყანა დიდი, არც მისი ეკონომიკაა ისეთი კომლექსური რომ 2-3 საათში ვერ მიხვდეს ეკონომიკურ საკითხებში გათვიცნობიერებული ადამიანი, რა არის გასაკეთებელი, თუ ამის გულწრფელი სურვილი აქვს. მართლა მაინტერესებს, რა უნდა ურჩიოთ? რა ინვესტიცია უნდა მოიზიდო ამ ქვეყანაში? ვინ ჩადებს აქ ფულს, თან სერიოზულ ფულს როცა:

აქ ქვეყანაში არსებული აქტივების 80%-ზე მეტი სახელმწიფოს ხელშია, მიწა, ტყე, წიაღისეული და მთავრობა არც აპირებს ამ აქტივების მოქალაქეებისთვის დაბრუნებას, რომელთა წინაპრებსაც ბოლშევიკებმა წაართვეს ეს ყველაფერი, რადგან მერე ფული როგორ აკეთოს…

აქ უცხოელებს კონსტიტუციით აუკრძალეს მიწის ყიდვა, რადგან კულტურის ამჟამინდელ მინისტრს სჯერა, რომ მალე დედამიწაზე საკმარისი საკვები აღარ იქნება და მხოლოდ ის ქვეყნები გადარჩებიან რომელთაც ექნებათ სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე მიწები.

აქ უცხოელებს, რომლებსაც ამ ქვეყანაში უნდათ ფულის დახარჯვა ან ცხოვრება და საქმის კეთება, საზღვრიდან აბრუნებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათი კანის ფერი და/ან ეთნიკური წარმომავლობა არ მოსწონთ.

აქ 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა გაჩერებული მხოლოდ ჰიდროენერგეტიკაში იმიტომ, რომ ვიღაცას ინვესტორის წარმომავლობა არ მოსწონს, ვიღაცას წყლის დაგუბების ეშინია და ვიღაცას უბრალოდ არ უნდა რომ რუსეთს ჩავეხსნათ, რადგან რუსეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე მილიონებს შოულობს ან უბრალოდ ასეთი ინსტრუქცია აქვს კრემლიდან.

აქ ასობით ათასი ადამიანია ფორმალურად საჯარო თუ ნახევრად საჯარო სექტორში გაფორმებული და არაფრის კეთებაში იღებს ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახდებიდან ხელფასს, მხოლოდ იმიტომ რომ არჩევნებზე ოჯახის წევრები და ნათესავები ატაროს და სახელისუფლებო პარტია ახაზინოს.

აქ ბოლო 9 წელია გადასახადები მხოლოდ იზრდება და რეგულაციები მხოლოდ მკაცრდება, რადგან ხელისუფლებაში მყოფთ სჯერათ, რომ თუ ფურცელზე გადმოვაკოპირებთ კანონებს, რომლებიც დასავლეთ ევროპულ ქვეყნებშია, ჩვენც ეგეთი ქვეყანა გავხდებით.

აქ არ არსებობს სასამართლო, სადაც შეიძლება სამართალი იპოვო თუ შენი გამართლება პოლიტიკურად წამგებანი იქნება ხელისუფებაში მყოფი პოლიტიკური გუნდისთვის. აქ თუ დიდი ფულის ჩადება გინდა, ერთ ადამიანთან, ბიძინა ივანიშვილთან უნდა დაალაგო, მოილაპარაკო და არაფორალურ ურთიერთობებში შეხვიდე, რადგან ასეთ საკითხებზე სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არსებობს ქვეყანაში.

აქ ყველა ფორმალურ მმართველობის ინსტიტუტს ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა აქვს, რადგან ხელისუფლებაში ფაქტობრივად მყოფი პოლიტიკური ძალის შემქმნელი და დამფინანსებელი საჯარო განცხადებით პოლიტიკიდან წავიდა, არჩევნებზე სიის პირველი ნომერი და შემდგომში პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა და ახლა ოპოზიციურ პარტიას ქმნის, ხოლო ის ადამიანი, ვის მრჩევლადაც თქვენ ჩამოგიყვანეს, არც საარჩევნო სიაში ყოფილა, არც რაიმე დაპირება გაუცია და ყველამ ზუსტად იცის, რომ მისი ერთადერთი დამსახურება რის გამოც მაგ თანამდებობაზეა, ისაა რომ ივანიშვილის უსიტყვო მორჩილია.

აქ დე ფაქტო ხელისუფლებას გაცხადებული პოლიტიკა აქვს, რომ რუსეთი არ უნდა გააღიზიანოს და ,შესაბამისად, ნებისმიერი პროექტი, რომელიც მასშტაბურია თავისი ეკონომიკური მნიშვნელობით, წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ინტერესებთან და შესაბამისად, კრემლიდან ვეტოს ექვემდებარება, იქნება ეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, თუ დიდი ზომის ჰიდროელექტროსადგური.

აქ წლებია მილიარდებს ვხარჯავთ სოფლის მეურნეობაში მხოლოდ იმიტომ რომ ეს პოლიტიკურად მომგებიანია, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი რომელიც ამ სფეროშია დასაქმებული, ვერ ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-საც კი.

აქ დიდი ფულის ჩადება და დიდი ბიზნესის კეთება თუ გინდა, სხვადასხვა ფორმის ხარკი უნდა უხადო საქართველოს საპატრიარქოს, რუსული გრუ-ს რეზიდენტურას საქართველოში, თორემ გიპოვიან სადმე სამ ექვსიანს და იქამდე მოგიქსევენ ზომბირებულ მრევლს, სანამ თვითმფრინავის ტრაპიდან არ დაიქნევ ხელს.

აქ ეს ყველაფერი და მილიონი სხვა რამ თუ გააპროტესტე, დაგაჯარიმებენ, დაგიჭერენ, იარაღს ან ნარკოტიკს ჩაგიდებენ, ბოტებს მოგისევენ და გაგაშავებენ, გცემენ და იქით დაგდებენ ბრალს თავდამსხმელის ცემაში, გარშემო ყველას დაგიშინებენ ან დააჯერებენ რომ ბრძოლას აზრი არ აქვს და ა.შ. და ა.შ.

ეს ხდება აქ. ჰოდა, იმავე კითხვას გავიმეორებ: რა ინვესტიცია უნდა მოიზიდო ამ ქვეყანაში? ვინ გარისკავს აქ ფულის ჩადებას? რა უნდა ურჩიო პრემიერმინისტრს? რომ ეს ყველაფერი შეცვალოს? შეუძლია? ან რომც შეეძლოს, ვინ მისცა ამის უფლება? ჰოდა რის რჩევას აპირებთ? რამე ისეთია რაც აქამდე კაცობრიობას არ მოუფიქრებია და ამიტომ საჯაროდ არ ითქმის?

აქ ბევრი თქვენნაირი ექსპერტი გვინახავს ჩამოყვანილი, ზოგს პროკურატურა უნდა გაეხადა დამოუკიდებელი და ზოგს ჯანდაცვის სისტემა უნდა აეწყო, მსოფლიოში საუკეთესო. ყველა ამ ექსპერტის ფუნქცია, ერთადერთი ფუნქცია, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ამ ქვეყნის გაჭირვებული მოსახლეობისთვის მორიგი უსაფუძვლო იმედის მიცემა – იქნებ ამან მაინც გვიშველოს, უცხოელია, გამოცდილია, იქნებ ამან იცოდეს და გააკეთოს რამე რაც ამ სიღატაკიდან ამოგვიყვანს.

შემდეგ აიღეს ფული და გაქრენ. ასეთ იმედებში ამ გაუბედერულმა ხალხმა უკვე არაერთხელ გადაიხადა ფული საკუთარი გადასახადებით, თქვენ რას აპირებთ? ეტყვით პრემიერს საჯაროდ, რომ ასეთ ქვეყანაში ფულს არავინ ჩადებს? თუ დაწერთ სტანდარტულ რჩევებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტილში, აიღებთ ჩვენს ფულს და გააგრძელებთ სადმე ექსპერტულ მოღვაწეობას?”

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველს ინვესტიციის მოზიდვის საკითხებში, ვაზილ ჰუდაკს ღია წერილით მიმართავს.