ჯაფარიძე: უცნაურია, მასპინძლებმა თქვეს, დავასრულეთ საუბარიო, სტუმარმა – ვაგრძელებთო

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ეხმიანება ერთი მხრივ, ქართული ოცნების მიერ მოლაპარაკებების შეწყვეტას, ხოლო მეორე მხრივ კრისტიან დანიელსონის ვიზიტის გახანგრძლივებას.

“მსგავსი რამ მე არ მინახავს, რომ გამოსულიყვნენ მასპინძლები და ეთქვათ, დავასრულეთ საუბარიო და მერე სტუმარი გამოსულიყოს და ეთქვას, რა დავასრულეთ, ხვალ ვაგრძელებთო – ბავშვზე ხომ არ არის საუბარი, ეს ადამიანი წარმოადგენს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირს ევროკავშირის შიგნით”,– თქვა ჯაფარიძემ დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე.

მისივე განმარტებით, სავარაუდოდ, დანიელსონის ხელისუფლებასთან შეხვედრაზე რაღაც ისეთი მოხდა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი არ აქვს.

„უცნაური სიტუაციაა. მეც იმედი მაქვს, რომ დღეს ამ შეხვედრაზე გავერკვევი, გუშინ რა მოხდა ხელისუფლებასთან შეხვედრაზე. ყველა აღმოვჩნდით გაურკვეველ სიტუაციაში, „ოცნების“ წარმომადგენლები გამოვიდნენ, საჯაროდ დაემშვიდობნენ ადამიანს, თქვეს, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე დასრულებულია და ისინი ელოდებიან, როდის დაბრუნდება ღარიბაშვილი და ამის შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ის აპირებს გააგრძელოს შეხვედრები. რაც ჩვენ სურათი დავინახეთ, მიუთებებს იმაზე, რომ მინიმუმ ახლა გაგრძელება არ უნდათ მოლაპარაკებების”,– ამბობს ჯაფარიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ბევრად სკეპტიკურად არის განწყობილი, ვიდრე აქამდე.