11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

თერჯოლაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ბრალდებული პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, დანაშაული მას არ ჩაუდენია და „ცამდე მართალია“. 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით. მომდევნო პროცესი 19 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა: თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირი სისტემატურად ძალადობდა, შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს.

სამართალდამცველებმა დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11′.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა ) წარუდგინეს.