მთავრობა პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღედ დაწესდეს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომლესაც ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ. დარწმუნებული ვარ, 12 მაისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული გახდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
“მომავალ 2019 წელს სრულდება 1700 წელი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლიდან. საეკლესიო დღესასწაული არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტის გახსენება. იგი ასევე წარმოადგენს კონკრეტული ისტორიული მოვლენის შანსს ღვთის მიერ გარდამოვლენილი მადლის განახლებას. წმინდა ნინოს შემობრძანებით მონიჭებული ღვთის კურთხევა, გახდა საფუძველი ჩვენი ერის ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გამთლიანებისა. მადლის განახლება გახდება გვირგვინი, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სულიერი აღმავლობის პროცესებისა. წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 17 საუკუნოვანი თარიღის ღირსეული აღნიშვნისთვის, ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ წმინდა ნინოს ნაკვალევზე, მოგზაურობაში, რომელიც მომავალ წელს ოცდამეათეჯერ გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ სამღვდელოებასა და მრევლისაგან შემდგარი ჯგუფები ყველა ეპარქიიდან“, – აღნიშნულია სინოდის 2018 წლის განჩინებაში.