“13 მექანიზმი, რომლითაც “ოცნებამ” არჩევნები გააყალბა” – ხოშტარიას გამოძიება

“მხილების დროა” – პოლიტიკური ორგანიზაცია “დროა”–ს ლიდერი ელენე ხოშტარია 13 მექანიზმს ასახელებს, რომლითაც, მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.

  1. “კარდაკარის სქემა – იმისთვის რომ არჩევენების დღეს გაყალბება შეძლო, ბევრად ადრე უნდა დაიწყო მომზადება. კერძოდ, უნდა მოამზადო სიები მკვდარი სულებით – ამაში იგულისხმება როგორც გარდაცვლილი ადამიანები, ასევე ემიგრანტები, გადაწერილი ადამიანები და ისინი, ვის პირადობასაც გაუვიდა ვადა. შესაბამისად, სუსი და კოორდინატორები, რომლებიც კარდაკარს ატარებენ, დეტალურად სწავლობენ მოქალაქეების და მათი ოჯახების პოლიტიკურ პოზიციას და საარჩევნო დღეს აგზავნიან სიას, სადაც დატოვებული ჰყავთ მომხრე ოჯახების მკვდარი სიები;
  2. ყალბი რეგისტრაცია – ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა ისეთი საკანონმდებლო მეთოდი, რომელიც ქართული ოცნების მომხრეებს ადგილობრივი ინსპექტორის დახმარებით უადვილებს ნებისმიერ მისამართზე რეგისტრაციას. სწორედ აქედან ჩნდებიან ჩვენს სახლებში [ჩაწერილი] სრულიად უცხო ადამიანები;
  3. “ლამიზილ უნო” – იმისთვის რომ რამდენჯერმე მისცე ხმა და შესაბამისად, რამდენჯერმე შეხვიდე საარჩევნო უბანზე, უნდა წაიშალო მარკირება. მარკირების წაშლა ასეთი ადვილი არ არის, მაგრამ ქართულმა ოცნებამ მიაგნო ასეთ საშუალებას – ეს არის ლამიზილ უნო;
  4. სპეციალური სია – სპეცსიაში შედიან ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევენ იქ, სადაც არ არიან ჩაწერილები, მაგალითად: ციხეში, ყაზარმაში, საავადმყოფოში ან კოვიდსასტუმროში. ასეთ შემთხვევაში ნებადართულია მხოლოდ პროპორციულად ხმის მიცემა, არ შეიძლება ხმა მისცე მაჟორიტარულ კანდიდატებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების შემთხევევაში ისინი ხმას აძლევენ ორივე ბიულეტენზე. მაგალითად, ქსნის ციხეში ყველამ, ჩაწერილმა და ჩაუწერელმა, აბსოლუტურად ყველა ბიულეტენი გამოიყენა;
  5. კომისიის წევრების ყალბი ხმები – ისევე როგორც სპეცსიებში, კომისიის წევრებსაც არ აქვთ უფლება, რომ შემოხაზონ მაჟორიტარული კანდიდატი. თუმცა ქართული ოცნების მომხრეების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მათ მაჟორიტარულ ბიულეტენსაც აძლევენ. წელს ამ კომისიის სპეცსიას დამლაგებლებიც დაემატნენ კოვიდის გამო;
  6. გადასატანი ყუთებით მანიპულირება – გადასატან ყუთებს ხშირ შემთხევაში ხმის მიცემის იძულებისთვის იყენებენ. სახლის პირობებში, სადაც ადვილია თავზე დაადგე ადამიანს, ფარულობის პრინციპი მარტივად ირღვევა;
  7. რუსული კარუსელი – ამ კარგად მოფიქრებული სქემის მიხედვით, ამომრჩეველი შედის საარჩევნო უბანზე ოღონდ არა ხმის მისაცემად, არამედ ცარიელი და ბეჭედდარტყმული ბიულეტენის გამოსატანად. ამ ბიულეტენს აბარებს შტაბნიკს, ის ხაზავს 41–ს და გადასცემს შემდეგ ამომრჩეველს უკვე ყუთში ჩასაგდებად – ასე, იმდენჯერ, რამდენი ხმაც სჭირდება ქართულ ოცნებას;
  8. ჩვეულებრივი კარუსელი – ამ სქემის მიხედვით ამომრჩეველი ერთი და იგივე უბანზე რამდენჯერმე აძლევს ხმას და ხელს აწერს სხვა ამომრჩევლის გრაფაში. სწორედ აქ გამოიყენება პირველი კარდაკარის სქემა და “ლამიზილ უნო” იმისთვის რომ არ გამოჩნდეს მარკირება;
  9. ბათილი ბიულეტენები – ოპოზიციური ხმების გასაუქმებლად ქართულ ოცნებას მოფიქრებული აქვს ბიულეტენების დაზიანების სხვადასხვა ფორმა. ხან არ აწერენ ხელს, ხან ბეჭედს არ სვამენ, ხან სპეციალურად არასწორად ხევენ ბიულეტენს, რომ მერე ისინი გააბათილონ;
  10. კოვიდ სპეცუბნები – კოვიდიც ოცნებამ სათავისოდ გამოიყენა. კერძოდ, ოპოზიციური ამომრჩეველი კოვიდსიაში დასარეგისტრირებლად უამრავ ხელოვნურად ბარიერს აწყდებოდა, ამასთან, ოცნებამ საკუთარი ამომრჩეველი მასობრივად დაარეგისტრირა. შესაბამისად, 127 უბნიდან 112 ოცნებამ მოიგო, ანუ უბნების 88%, რაც საერთო სურათს სრულად არ ასახავს;
  11. მწვანე უბნები – იმისთვის რომ უბანზე ბევრი მანიპულაცია და სქემები არ დაგჭირდეს, არსებობს ერთი მარტივი გზა – მოისყიდო კომისიის ყველა წევრი. ასეთ შემთხვევაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და საბოლოოდ იწერება ის შედეგი, რაც ქართულ ოცნებას უნდა;
  12. დაშინება და ძალადობა – ადმინისტრაციული რესურსის მხრიდან ტოტალური კონტროლი, კრიმინალური ელემენტების გამოყენება, სუსი და ღია ძალადობის ფაქტები ჩვენი არჩევნების განუყოფელი ნაწილი გახდა;
  13. ოქმების ჩასწორება – ყველა ამ მეთოდის გამოყენების მიუხედავად, წელს ქართულ ოცნებას ოქმების ჩასწორება და ციფრების გადაკეთება მოუწია სასურველი შედეგის მისაღებად”,– ამბობს ელენე ხოშტარია ვიდეომიმართვაში.

მისი ინფორმაციით ამ ყველაფრის შემსრულებელი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, გიორგი ჯავახიშვილია, რომელმაც ცესკოში საკუთარი კლანი შექმნა, რომლის მეშვეობითაც სუსი–სა და ქართული ოცნების დავალებას ასრულებდა. ხოშტარიას თქმით, მისი კლანის წევრები არიან: არჩილ ანასაშვილი, ლევან მაისურაძე, ეკა ცაბაშვილი და მაია ზარიძე.

მისივე განცხადებით, გიორგი ჯავახიშვილი არჩევნების დღეს ქართული ოცნების ოფისის ბოლო სართულზე იყო, საიდანაც არჩევნების “შავ მონიტორინგს” ეწეოდა: უბნებიდან მონაცემები ჯავახიშვილთან იგზავნებოდა, ის ამოწმებდა, აკორექტირებდა და მხოლოდ ამის შემდეგ აფორმებდა ცესკო.