სანქციების გამო რუსეთში ქვანახშირის მოპოვება ჩერდება. ათეულ ათასობით ადამიანი უმუშევარი რჩება

ევროკავშირის სანქციებმა, რომლებიც აგვისტოს დასაწყისში ამოქმედდა,  რუსეთის ქვანახშირის მოპოვების ცენტრის – კემეროვოს ოლქის ეკონომიკა კოლაფსის წინაშე დააყენა.

ევროკავშირის ემბარგოს გამო, რომელმაც რუსული ნახშირისთვის გასაღების საკვანძო ბაზარი ჩაკეტა, კომპანიები იძულებულნი არიან კუზნეცკის ქვანახშირის აუზში მოპოვება შეაჩერონ. ეს არის მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი საბადო, რომლის ჯამური მარაგი თითქმის 90 მილიარდი ტონაა.

ქვანახშირის რამდენიმე საბადოზე, სადაც მოპოვება ღია წესით ხდება, დროებით მისი ამოღება შეაჩერეს – იუწყება რუსული სახელმწიფო სააგენტო ТАСС კემეროვოს ოლქის მთავრობაზე დაყრდნობით.

კომპანიები მოპოვების გეგმებს ამცირებენ, რადგან აზიურ ნაკადებზე გადაწყობა, რისი იმედიც ქონდათ, ძალიან რთული აღმოჩნდა. აღმოსავლეთ მიმართულებით რუსული რკინიგზის გამტარუნარიანობა ძალიან შეზღუდულია – ამბობს საოლქო მთავრობის წარმომადგენელი.

კემეროვოს ოლქზე რუსული ქვანახშირის მოპოვების 60% მოდის, კოქსის ნახშირის 80 % და ნახშირის ზოგიერთი ძვირფასი მარკის 100%.

აგვისტოს შემდეგ ოლქში უმძიმესი სიტუაცია იქნება – ამბობს რეგიონული ეკონომიკის სპეციალისტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნატალია ზუბარევიჩი:

“გასღების ბაზრით დაკარგვის გამო კომპანიები იძულებულნი გახდებიან თანამშრომლები ნახევარ განაკვეთზე გადაიყვანონ ან უხელფასო შვებულებაში გაუშვან. სამსახურიდან სრულად გაშვება ძნელია.“– ამბობს ის.

სულ კუზბასის ნახშირის საწარმოებში 91 ათასი ადამიანია დასაქმებული, ამასთან, სტრატეგიული კვლევების ცენტრის გათვლებით, რეგიონების შრომისუნარიანი მოსახლეობის 20% მონოქალაქებში ცხოვრობს. მათგან უმსხვილესი ქალაქები ქვანახშირის სფეროს საწარმოების გარშემოა შექმნილი.

რეგიონული მთავრობის წარმომადგენელი სააგენტოს ეუბნება, რომ თანამშრომელთა შემცირების შესახებ მოპოვების შემცირების გამო რეგიონულ ქვანახშირის სამინისტროში ჯერჯერობით კომპანიებიდან შეტყობინება არ შესულა, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია. “თანამშრომლები უქმად არიან, და ეს შეიძლება წლის ბოლომდე გაგრძელდეს. მხოლოდ მაშინ გახდება ნათელი შრომის ბაზრისთვის შექმნილი საფრთხის მაშტაბები“ – ამბობს ზუბარევიჩი.