3 აპრილიდან საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შვეიცარიაში შესასვლელად ვიზის ქონა სავალდებულო ხდება. აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილის სხდომაზე მიიღო.
დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ გააძლიერა მესამე ქვეყნებისთვის ვიზის შეჩერების მექანიზმი. განახლებული წესები იძლევა შესაძლებლობას, სავიზო რეჟიმი დროებით დაწესდეს ახალი საფუძვლებით, მათ შორის:
- მესამე ქვეყანასთან საგარეო ურთიერთობების გაუარესების გამო;
- ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევის შემთხვევებში.
გადაწყვეტილება ძალაში 12 თვის განმავლობაში დარჩება და იგი საქართველოს სხვა მოქალაქეებზე არ ვრცელდება.
განცხადების მიხედვით, „შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის წესის გამარტივებასთან დაკავშირებით დადებული შეთანხმების რამდენიმე მუხლი შეჩერებულია“.
„ევროკავშირმა ახლახან მესამე ქვეყნებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმი გააძლიერა, რაც საშუალებას აძლევს, რომ სავიზო მოთხოვნები ახალ საფუძველზე დაყრდნობით დროებით დააწესოს. ეს მოიცავს ადამიანისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, მესამე ქვეყნებთან საგარეო ურთიერთობების გაუარესებას. ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით ამ დებულებების ამოქმედება გადაწყვიტა. გასულ წელს საქართველოს მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ევროკავშირმა ქართველი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვით შეაჩერა. ევროკავშირის გადაწყვეტილება წარმოადგენს შენგენის კანონმდებლობის შემდგომ განვითარებას, რომლის მიღებაც შვეიცარიის ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ნაბიჯი შესვლისა და ვიზების გაცემის შესახებ დადგენილების შეცვლას გულისხმობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.















