ინფორმაცია, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, სიმართლეს არ შეესაბამება – მინისტრის მოადგილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი აცხადებს, რომ  ინფორმაცია, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და სიმართლეს არ შეესაბამება. ავალიანი მიიჩნევს, რომ შესაბამისი ორგანოები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ მიზეზებით, რის გამოც ინფორმაცია ცხოველების დაწვის შესახებ მტკიცებით ფორმაში გავრცელდა.

“ზოგიერთ ვიდეოში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი ის, რაც რეალობას არ შეესაბამება. შინაურ ბინადარ ცხოველებთან მიმართებაში ღონისძიებები მიმდინარეობდა კახეთსა და იმერეთში. ასევე გამოიყო ჯგუფი, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დაიწყო ოპერირება და პირველი გასვლა ადგილობრივ მერიასთან ერთად განხორციელდა მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო არც ერთ სხვა რეგიონში და მუნიციპალიტეტში არ შესულა და არც ერთ სხვა თავშესაფარში ცხოველები არ მიუყვანია” – ამბობს ლაშა ავალიანი.