ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რადიო თავისუფლებას, ტაბულასა და სხვა ონლაინგამოცემებს “აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ.”
პაპუაშვილმა ასევე თქვა, რომ ყველაფერს აკვირდებიან და ექნებათ რეაგირება.
“მნიშვნელოვანია, რომ არავინ ჩაერიოს ეკლესიის გადაწყვეტილებებში და მათ შორის, იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ჯერ წინ აქვს წმიდა სინოდს და ასევე ჩვენ ძალიან დეტარულად დავაკვირდებით ვინ შეეცდება ეკლესიის საქმეებში ჩარევას.
დღეს შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ არის გარე ჩარევის მცდელობები. მაგალითად, უცხოური დაფინანსების მქონდე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები, რადიო თავისუფლება, ტაბულა პირდაპირ ერევა სინოდის საქმიანობაში. პირდაპირ დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ.
ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია აქვთ რადიო თავისუფლებას, ტაბულას და ონლაინგამოცემებს – პუბლიკას, ნეტგაზეთს და ასე შემდეგ. აქვთ პირდაპირი საარჩევნო კამპანია სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ.
ეს არის ზუსტად იგივე მეთოდი, რასაც ჩვენ ვხედავდით 2024 წელს, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ერეოდნენ საქართველოს არჩევნებში. როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის საქართველოს პოლიტიკურ არჩევნებში, დღეს ვხედავთ ჩვენ, მათ შორის, დიდი ალბათობით ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან ჩარევას ეკლესიის საქმეებში.
კიდევ ერთხელ ამას ძალიან დეტალურად ვაკვირდებით, აქედანვე უნდა იცოდეს ყველამ, მათ შორის, უცხოელებმა, ვინც ამას აფინანსებს, რომ ეს ყველაფერი აღირიცხება, ყველაფერს ვაკვირდებით და ყველაფერზე გვექნება რეაგირება.” – თქვა პაპუაშვილმა.















